პოლიტიკური მართლმსაჯულება, სიტყვის თავისუფლება, ნიკა გვარამიას საქმე | დერეკ შოლეს NGO-ები შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო. დერეკ შოლესთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მთავარი თემა ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება, მედიამენეჯერების დევნა და სიტყვის თავისუფლება იყო. 

საუბარი შეეხო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.

"ეს არ არის განყენებული საქმე, ეს პირდაპირ არის დაკავებული მედიაგარემოსთან, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მართლმსაჯულების სისტემასთან, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ ებრძვის დღეს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არის უსაფუძვლოდ ციხეში, მან არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყო და ფაქტობრივად ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი იმისთვის, რომ ის ჩაესვა ციხეში", - თქვა TI-ის დირექტორმა ეკა გიგაურმა. 

მისივე განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ ისინი ძალიან დიდ პატივს სცემენ იმას, რასაც აკეთებს სამოქალაქო სექტორი ქვეყანაში და ასევე იმას, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა დასავლეთის ნაწილი გახდეს.

"მათ განსაკუთრებულად შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე და როგორ იმართება რეალურად მართლმსაჯულების სისტემა, როგორ არის ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული", - ამბობს საიას თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი. 

მანვე აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას საქმე შეხვედრაზე ერთ-ერთ მაგალითად დასახელდა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლო სისტემას. 

სასამართლოში კლანურ მმართველობასა და მოსამართლეთა დაცვის მექანიზმების არარსებობაზე უზენაესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც ისაუბრა. 

ISFED-ის დირექტორმა, ნინო დოლიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არჩევნებზე არსებულ ვითარებაზე, ხელისუფლების განცხადებებზე და ქმედებებზე უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

დერეკ შოლე დღეს მთავრობისა და ოპოზიციის წევრებსაც შეხვდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი