
საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ განაჩენის გადახედავს, რომელიც მათივე შეფასებით, მიზნად ისახავს კრიტიკული ჟურნალისტების დაშინებას.
"ოპოზიციური მედიის, "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას 3,5 წელი მიესაჯა "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა" და "რუსთავი 2"-ის ფინანსური ინტერესების დაზიანებისთვის, რომელსაც მანამდე ხელმძღვანელობდა. RSF ითხოვს განაჩენის გადახედვას, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ჟურნალისტების დაშინებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.