"მთავარი არხის" და დამოუკიდებელი მედიის საგანგებო გზავნილი ამერიკის შეერთებულ შტატებს - 4 ტელევიზიის ერთობლივი წერილი სახელმწიფო მდივნის მრჩეველს გადაეცა. დერეკ შოლეს წერილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გადასცეს, რომლებიც მას სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ხვდებიან.
შეხვედრის პარალელურად, სასტუმროსთან კრიტიკული მედიების წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ჟურნალისტებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც წერია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია, განსხვავებული აზრი და სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.
ამასთან, იმის საჩვენებლად, როგორ ცდილობს ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, ჟურნალისტებმა სიმბოლურად პირი აიკრეს.
მედიის წარმომადგენლები ცდილობენ, ენტონი ბლინკენის მრჩეველს გააგებინონ, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს იჭერენ პოლიტიკური მოტივებით.