
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა გასცა
განცხადების თანახმად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანის ორგანიზებაში.
„2014 წლის 23 თებერვალს იანუკოვიჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების პერსონალთან და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამი ვერტმფრენის დახმარებით, უკანონოდ გადაკვეთა და გადაიყვანა სულ მცირე 20 ადამიანი სახელმწიფო საზღვარზე ურზუფის გარეუბანში“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უცნობია სად ცხოვრობს ამჟამად იანუკოვიჩი. პროკურატურამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის რუსეთის ქალაქ ანაპაში გაიქცა.
ცნობისთვის, იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2010 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა. მაიდანის საპროტესტო აქციების დროს იგი ქვეყნიდან გაიქცა.