"ქართული ოცნება" ქვეყანაში შევარდნაძის ხელისუფლების ყველაზე ოდიოზურ ფიგურებს აბრუნებს; ლევან მამალაძე საქართველოშია და პოლიტიკურ აქტივობასაც გეგმავს.
"მოქალაქეთა კავშირის" ერთ-ერთ ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი, რომლის სახელიც კორუფციის სიმბოლოდ იყო ქცეული, ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა და თავი რუსეთს შეაფარა, ახლა კი ლევან მამალაძემ საქართველოში უპრობლემოდ დაბრუნება და პოლიტიკური აქტიურობაც გადაწყვიტა, ამასთან არც ხელისუფლებას და შესაბამისად არც ქართული ოცნების სასამართლოს შეკითხვები აღარ აქვს.
"დავბრუნდი სამშობლოში 19 წლის შემდეგ... პოლიტიკაში მე არ ვაპირებ ყოფნას. მინდა გითხრათ, რომ ეს პოლიტიკაში ყოფნა ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა. მე ვიყავი ხელისუფლებაში, თანამდებობებიც მეკავა. ორჯერ პარლამენტის წევრი ვიყავი, გუბერნატორი ვიყავი, ვმართავდი ყველაზე მსხვილ გაერთიანებას საქართველოს პარლამენტში და ახლა ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ვიბრძოლო ხელისუფლებისთვის. ასე რომ, პოლიტიკაში დაბრუნებას მე არ ვაპირებ, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, დავეხმარები სახელმწიფოს გაძლიერებაში..." - ამბობს მამალაძე.