„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების შეწყვეტით იმუქრება. ულტიმატუმი მმართველი გუნდის სახელით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვაშინგტონიდან გაახმოვანა.
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა თებერვლის ბოლომდე მისცა. „ქართული ოცნების“ მუქარას კი გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ პროტესტს უპირისპირებს.
ხელისუფლების ოპონენტები „ოცნების“ გუნდის შეთავაზებას მანდატებით ვაჭრობად აფასებენ. თუ ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდასთან მათ მიერ წარმოდგენილ ე.წ. გერმანულ მოდელს არ განიხილავს, ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებს.
„ოცნების“ ულტიმატუმის პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და ხისტი მოწოდებები არ წყდება. კიდევ ერთი კრიტიკული ანგარიში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ამჯერად ევროკავშირს ეკუთვნის. 2019 წელს საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიშის დასკვნით ნაწილში პირდაპირ წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გასანეიტრალებლად ადეკვატური საარჩევნო რეფორმა უნდა გაატაროს.
ოპოზიცია მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე კვლავ საქართველოს კონსტიტუციაზე მორგებული ე.წ. გერმანული მოდელით მიდის, „ქართული ოცნება“ კი ულტიმატუმების ენით საუბრობს.
გაითვალისწინებს თუ არა „ოცნების“ გუნდი საერთაშორისო პარტნიორების და ქართული საზოგადოების მოწოდებებს და იქნება თუ არა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეტად პროპორციული სისტემით ჩატარებაზე, ეს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე გაირკვევა, რომლის გამართვის თარიღი კვლავ უცნობია.