არაფორმალური გავლენები, ზეწოლა მედიაზე და მმართველი პარტიის კონტროლი საჯარო ინსტიტუტებზე - "ოცნების" 5 წელი
გამოქვეყნდა:
მმართველი პარტიის სრული კონტროლი საჯარო ინსტიტუტებზე, არაფორმალური გავლენა მთავრობის საქმიანობაზე, პარლამენტისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა, ხელისუფლების ზეწოლა მედიასა და ბიზნესზე - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კიდევ ერთი კვლევა, რომელშიც ხელისუფლების მმართველობის ბოლო ხუთი წელია შეფასებული.
"საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2020" - ასე ქვია ანგარიშს, რომლის შედეგებითაც ირკვევა, რომ ვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ სათანადოდ ვერ ასრულებს.
კვლევის ფარგლებში შეფასებული 12 ინტიტუტიდან მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული საბოლოო ქულა: სახალხო დამცველს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საარჩევნო ადმინისტრაციას.
კვლევის ფარგლებში გამოკვეთილ მნიშვნელოვან პრობლემებს შორისაა:
ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხი და მმართველი პარტიის ფაქტობრივად სრული კონტროლი საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე. არაფორმალური გავლენა მთავრობის საქმიანობაზე.
პარლამენტისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა, რაც ამცირებს მათ უნარს, ქმედითი ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობისა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.
პოლიტიკური კონკურენციის სისუსტე, რასაც საფუძვლად უდევს მმართველი პარტიის პრივილეგირებული წვდომა რესურსებზე, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების უუნარობა, ქმედითი რეაგირება მოახდინონ საარჩევნო დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების დარღვევებზე და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებზე.
ხელისუფლების მზარდი ზეწოლა მედიასა და ბიზნესზე.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თავდასხმები სახალხო დამცველზე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე - ნათქვამია კვლევაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შედეგების გათვალისწინებით რეკომენდაციებიც მოამზადა, სადაც ერთ ერთ მთავარ რეკომენდაციად დამოუკიდებველი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და "სასამართლოს კლანის" გავლენების აღმოფხვრაა დასახელებული. გარდა ამისა, "გამჭვირვალობაში" ამბობენ, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს სახალხო დამცველზე, მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნებისმიერ სახის ზეწოლისგან, ასევე შეწყვიტოს დეზინფორმაციის კამპანიები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ძალაუფლების კონცენტრაციის შემცირებისა და საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრის მიზნით საჭიროა პოლიტიკური კონკურენციის წახალისება, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმირების გზით.
უნდა გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციისთვის გამიზნული სამართლებრივი ნორმების აღსრულება პრაქტიკაში, რაც გულისხმობს ამ ნორმების დარღვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების ქმედითი სისტემის შექმნას.
ვინაიდან არსებული სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში ვერ ხერხდება მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება, საქართველომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც დაცული იქნება მის საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან. ეს სააგენტო შეიძლება იყოს მრავალფუნქციური და გამოძიების პარალელურად, კორუფციის პრევენციისა და პოლიტიკის დაგეგმვის ფუნქციებიც შეითავსოს.
რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნის მიზნით ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან და უზრუნველყოს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება და დაწინაურება პრაქტიკაშიც მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე ხდებოდეს.
უნდა აღმოიფხვრას ე.წ. კლანის გავლენა სასამართლო სისტემაში, რაც მისი წევრების სისტემიდან გათავისუფლებას საჭიროებს.
ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს სახალხო დამცველზე, მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნებისმიერ სახის ზეწოლისგან, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის მცდელობები და დეზინფორმაციის კამპანიები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ანგარიშში