"გავიდა და უთხრა: როდემდე უნდა მომპარო ჯართიო... დავიხარე და მეც მესროლა" | კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

თელავში 46 წლის კახა მჭედლიშვილის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ მკვლელობის მოტივი ქურდობაა. მეზობლებს შორის კამათი ჯართის მოპარვის გამო დაიწყო და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კახა მჭედლიშვილი, რომელსაც  ჯართის ბიზნესი ჰქონდა, მეზობლად მცხოვრებ  იოსებ გოგიაშვილს ლითონის ნაკეთობების მოპარვაში სისტემატურად ადანაშაულებდა. მკვლელობის დღეს მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი, სწორედ ჯართის ქურდობა გახდა.

სოფელ აკურაში მცხოვრებმა 60 წლის იოსებ გოგიაშვილმა, სანადირო თოფი სახლიდან გამოიტანა და მეზობელი მოკლა. დაჭრა კახა მჭედლიშვილის ძმა და დედა. ასევე, შემთხვევით დაჭრა საკუთარი შვილიც. მჭედლიშვილები ამბობენ, რომ მეზობელმა დაახლოებით 5-ჯერ მათი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ გაისროლა. 

"ჯართი რომ მოისაკლისა, გავიდა და უთხრა როდემდეღა უნდა მომპაროო, როდემდეღაო... ვაიმე ბაბოო მიშველეო, კახას და ბადრის სისხლი გადისო. ვაიმე, ჩქარა მომეხმარე ავდე-მეთქი. რომ გავედი, კახა გაახილე შვილო თვალები, რა იყო? რა იყო? რომ დავიხარე მე მომარტყა [მხარში], ნაკერები მაქვს", - ყვება მოკლული მჭედლიშვილის დედა. 

დაჭრილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ორი მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ერთ-ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მოკლულის დედა კი მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს. 

"რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტს ჩაუტარდა ინტენსიური თერაპია, მარჯვენა პლევლარული ღრუს დრენირება. დრენაჟი ჩაედგა. ჩაუტარდა შოკის საწინააღმდეგო ინტენსიური თერაპია. მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ გაუმჯობესებულია და დინამიკა დადებითია", - ამბობს ექიმი ლაშა გოთაძე.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველები იოსებ გოგიაშვილს ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის წევრები კი მომხდარზე არ საუბრობენ. 

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი