პროცესები, რასაც ქვია, თავისუფალი სიტყვის მოგუდვა, კრიტიკული აზრის გაქრობა ამ ქვეყანაში დღეს და გუშინ არ დაწყებულა - ბოლო 10 წელია ქართულ ოცნება ამ პოლიტიკას მიზანმიმართულად ატარებს. არ დარჩენილა არხი, ან რედაქცია, სადაც ოლიგარქიული რეჟიმი არ ჩარეულა, ან მცდელობა მაინც არ ჰქონია საინფორმაციო ველი შეეცვალა.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ არ მოსწონდა ქართველი ჟურნალისტების მუშაობა და პირადად შეუდგა მათ გადაკეთებას, ისე როგორც ეს თავად წარმოედგინა.
მისთვის მალევე ცხადი გახდა, რომ ეს არ გამოუვიდოდა იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც 90 იან წლებში რუსი ოლიგარქები საბჭოთა ქარხნების მუშახელით მანიპულირებდნენ და მერე ყველაფერს, პირადი თავისუფლების ჩათვლით ამ ხალხს ართმევდნენ. როცა ეს ვერ გაუვიდათ, ტაქტიკა შეიცვალეს და კონკრეტულ მედიასაშუალებასთან ბრძოლა დაიწყეს. მაგალითად, რუსთავი-2-ის პრივატიზაცია ქართული ოცნების წარმოსახვით საზოგადოებრივ აზრზე მონოპოლიის დამყარების და კრიტიკის საერთოდ გაქრობის ტოლფასი უნდა ყოფილიყო. ერთის ნაცვლად კი სამი დამოუკიდებელი და კრიტიკული არხი მიიღეს, "მთავარი არხი" ხელისუფლებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ყელში გაეჩხირა.