რეფეოდალიზაცია პოლარიზაციის ნაცვლად - ამ სათაურით საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ანალიტიკოსი ჰანს გუტბროდი civil.ge-ზე სტატიას აქვეყნებს.
სტატიის ავტორი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და წერს- "ნიკა გვარამიას ციხეში გაშვებით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავმარხოთ ტერმინი - პოლარიზაცია, როცა საქმე საქართველოში პოლიტიკას ეხება".
სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის აღსაწერად, სიტყვა "პოლარიზაცია" არასწორი ტერმინია.
"უბრალოდ "პოლარიზაცია" არ არის, როცა უსაფრთხოების სამსახურები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პირად ცხოვრებას უყურებენ და ფიქრობენ, როდის შეიძლება გავრცელდეს მათი ცხოვრებიდან შემთხვევითი, უხერხული მომენტი ყველასთვის სანახავად. მსგავსი ბევრი შემთხვევა არსებობს. მთავრობა, რომელიც აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ყოფილ პრეზიდენტს ათრევენ იმაზე ნაკლებად ჩაცმულს, ვიდრე ბევრი ისურვებდა, რომ ეჩვენებინათ, ზუსტად ასახავს იმას, თუ რა შეიძლება ხდებოდეს სხვებისთვის.
არ არის პოლარიზაცია, როცა კაბინეტის წევრებსაც კი, ან საჯარო მოხელეებსაც კი უწევთ ფიქრი იმაზე, რომ მათ უსმენენ და ვიდეოს უღებენ, რისი, როგორც ჩანს, უამრავი ირიბი მტკიცებულება არსებობს.
კატეგორიულად არ არის პოლარიზაცია, როცა არსებობს წმენდა კულტურულ დაწესებულებებში, როგორც ეს ზაალ ანდრონიკაშვილმა აღნიშნა რამდენიმე თვის წინ...
პოლარიზაცია არ არის, როცა ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო რუსთავი 2, როცა მასიურად ერევიან საზოგადოებრივ ტელევიზიაში და როცა დამოუკიდებელი ოპოზიციური ტელევიზიები თავდასხმის ქვეშ არიან. თავდასხმებს მოწმობს მკაცრი სარეკლამო რეგულაციები და ბატონი გვარამიას დაკავება.
არც ის არის პოლარიზაცია, როცა ბრბო, ძალის დემონსტრირების მიზნით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ძალადობს ოპოზიციაზე, ჟურნალისტებზე ან უბრალო მოქალაქეებზე. ეს ხდება ზუსტად თბილისის ცენტრში. რეგიონებში, სავარაუდოდ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა.
ეს არ არის პოლარიზაცია, როცა სასამართლოები რჩება უპირველეს ყოვლისა წვრილმანი ანგარიშსწორების ინსტრუმენტად და რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში არც ერთი კორუმპირებული მინისტრი, ან მინისტრის მოადგილე არ ყოფილა წარმატებით გასამართლებული, უფრო მეტიც, გამოძიება იწყება და რჩება თაროზე შემოდებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს მორჩილება.
ეს არ არის პოლარიზაცია, როცა მთავრობასთან დაკავშირებული საშუალებები და ბოტები ავსებენ სოციალურ მედიას სიძულვილის შემცველი შეტყობინებებით, მათი უმეტესობა ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლურია. პირიქით ეს არის ყურადღების გადატანის შესაძლებლობა, რომელიც ძარცვის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ", - წერია სტატიაში.
ფოტო: Civil.ge