
ფრაქცია "ლელო" პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში იბარებს. დეპუტატ, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოცემულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვაზე - რამდენად დაცული და უსაფრთხოა ქვეყანა, პასუხი პრემიერისგან მიიღონ.
მისი თქმით, თუ ღარიბაშვილი პარლამენტში არ მივა, ამით ის კანონს დაარღვევს.
"ამა წლის 27 მაისს ჩვენ დაბარებული გვყავს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რამდენად არის დღეს საქართველო დაცული და უსაფრთხო, რომ ის არ გახდეს შვი ხვრელი რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებთ და ამ კითხვაზე პასუხს იმსახურებენ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ, ჩვენ დავიბარეთ პრემიერი ინტერპელაციის წესით და ის კონსტიტუციით ვალდებულია, რომ მოვიდეს 27 მაისს და კონკრეტულ შეკითხვებს გასცეს, კონკრეტული პასუხები" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი .
"ლელოს" განცხადებას, გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ ღარიბაშვილი დადგენილი წესის მიხედვით, პარლამენტში 27 მაისს მივა.
"ინტერპელაციის პროცედურა შედგება რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით, 27 მაისს, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. საქართველოს პარლამენტში რეგლამენტით მათ შეუძლიათ დასვან შეკითხვა და პასუხს მიიღებენ",- ამბობს ირაკლი კობახიძე.
ოპოზიციას პრემიერთან კითხვები სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც აქვს.