
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოხსნას ყველა ბარიერი, რაც ქვეყანას ხელს უშლის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ქვეყანა იმსახურებს ეს სტატუსი მიიღოს.
ელენე ხოშტარიამ კონკრეტული ნაბიჯები ჩამოთვალა, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას:
"ხმამაღლა და კატეგორიულად მოგმართავთ მოხსენით ის ბარიერები, რაც დღეს აფერხებს ჩვენ ევროპულ მომავალს. კერძოდ, გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია, როგორც ამას გეუბნებათ "ამნესთი ინთერნეიშენალი", დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ, ეს მათი სიტყვებია. მიეცით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მორჩით ძალადობრივი ჯგუფებით ქვეყანაში დაპირისპირების, ცემა-ტყეპის მოწყობას, მორჩით პოლიციის შენობაში ადამიანების ცემას, გაათავისუფლეთ სასამართლო, სასამართლო რომლის ერთ-ერთი წევრი უკვე სანქცირებულია ნიკა გვარამიას საქმის გამო, გადადგით ეს ნაბიჯები, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება წინაპრებისა და მომავლის წინაშე, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გააჩეროს.