
"ქართული ოცნების" პოლიტიკურ პატიმარს, ნიკა გვარამიას ამ წუთებში მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ხვდება. საძაგლიშვილი რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა.
მანამდე კი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თამარ კორძაიამ მოინახულა.
დეპუტატმა საპატიმროში შესვლამდე ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ქართული ოცნების პოლიტიკურ შურისძიებაზე ისაუბრა.
"ვთვლი, რომ ნიკა გვარამია უკანონო პატიმარია და ჩემი ვალდებულებაა, რომ ვინახულო, მოვიკითხო. მოვისმინო მისი მოსაზრებები რას ფიქრობს, რას აპირებს. გარკვეული შეთავაზებები მეც მაქვს, მაგრამ წინასწარ ვერ ვისაუბრებ",- თქვა მან.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.