
"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს აბრალებენ, რომ კონკრეტული მოსამართლის დისკრიმინაცია მოახდინა კონკრეტული ქეისის გამო.
მდინარაძის განმარტებით, კრიტიკული ტელევიზიები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის საელჩო ჩაერია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში.
"მეტი პარადოქსი რა შეიძლება იყოს? 3 მედიასაშუალება ნაცმოძრაობის დალაგებულია და ამტკიცებს, ბოლო 3 დღის განმავლობაში, რომ ამერიკის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის მიმართ დისკრიმინაცია, სცადა ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში კონკრეტული ქეისის გამო. ამას ამტკიცებენ ბოლო 3 დღის განმავლობაში და ამ დროს მესიჯბოქსი ისე აქვთ დალაგებული, რომ აქეთ გვედავებიან ანტიდასავლური თემების გაღვივებაში.",- თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის დაპატიმრებიდან ზუსტად 4 დღეში, ცნობილი გახდა, რომ საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე მოხსნილია პროგრამიდან, რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს და ის ამ პროგრამით აშშ-ში ვეღარ გაემგზავრება.
სწორედ ამ ფაქტის გაშუქებაზე საუბრობს მდინარაძე, როგორც ანტიდასავლურ გზავნილზე.