
ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილს გამოეხმაურა, რომელშიც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს და საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარდასაჭერად ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტმა მდინარაძეს ბლინკენის მიმართვის ამ ნაწილის შეფასება სთხოვა, თუმცა "ოცნების" დეპუტატმა მას უთხრა, რომ წერილში უფრო მნიშვნელოვანი ის ნაწილია, რომელშიც საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზეა საუბარი.
"90% სადაც ქვეყნის წინსვლაზე, დასავლეთზე, ქვეყანაში განვითარებულ პოზიტიურ მოვლენებზე არის ის არაა მნიშვნელოვანი?....
ილია დარჩიაშვილს მიულოცა ბლინკენმა, ჩვენა მთავარმა მეგობარმა და მეგობრის წარმომადგენელმა დანიშვნა, წარმატებები უსურვა, ისაუბრა ბევრი კარგი ამ წერილში და იყო ერთი ნაწილი ამ წერილში, რომელსაც სხვანაირად ინტერპრეტირებთ", -თქვა მდინარაძემ.
რაც შეეხება უკრაინის საკითხს, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტიისთვის, ბლინკენის წერილის ეს ნაწილიც მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, საქართველო "შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს".
"ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ეს ნაწილიც, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ბლინკენთან ჩვენი ქვეყნის მის კოლეგას ექნება საუბარი და დამატებით, თუკი რამე შეუძლია ამ ქვეყანას აუცილებლად გააკეთებს. ამ ეტაპზე, არ არსებობს თანამედროვე სამყაროში ადამიანი, რომელიც ობიექტურ კრიტერიუმზე მიგვითითებს, რა შეიძლება გაკეთდეს და ჩვენ არ ვაკეთებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ამავე თემაზე: