პრემიერმინისტრი წყობიდან 20 ივნისის სისხლიანი ღამის ამბის გახსნებამ გამოიყვანა. ოპოზიციას გაუბრაზდა იმის გამო, რომ ოპონენტებმა გავრილოვის ღამის ავტორისგან განმარტებები მოითხოვეს. ის რაც თითქმის საათნახევრიან გამოსვლაში გიორგი გახარიას შეგნებულად არ უხსნებია, ოპონენტებმა დეტალურად გაახსენეს.
გიორგი გახარიამ კი ტრადიციას არ უღალატა, ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალა და ამტკიცებდა, რომ 20 ივნისის ღამით, საკანონმდებლო ორგანო შტურმით აღებას გადაარჩინა.
ოპოზიცია დღეს პრემიერისგან განმარტებებს ითხოვდა იმ ტერორზე, რომელიც ბოლო დღეებში სუს-მა დაიწყო. რატომ ხდება მოქალაქეების უსაფრთხოების სამსახურში დაბარება "ფეისბუქ" პოსტების გამო და რატომ არბევენ ოპოზიციის ოფისებს რეგიონებში. უმრავლესობამ კი ისევ დაჩაგრულის მანტია მოისხა და გიორგი გახარიასთანაც იგივეს იმეორებდა, როგორ ებრძვიან "ფეიკ ნიუსებს".
ოპოზციის წევრების განცხადებების მოსმენის შემდეგ, გიორგი გახარიას არ დაუმალავს და საპარლამენტო ტრიბუნიდან დაანონსა, რომ 2020 წლის არჩევნები რთული და ყველაზე ტოქსიკური იქნება.
გიორგი გახარია დღეს სხდომათა დარბაზში ამტკიცებდა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე ხელისუფლება თანაბრად ზრუნავს და შერჩევითი დამოკიდებულება არ აქვს. თქვა ისიც, რომ გიორგი გაბუნიას საქმეზე დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას მალე ექნება.
პრემიერმინისტრს დღეს ყოფილი თანაგუნდელების მძიმე კითხვაზეც მოუწია პასუხის გაცემა. ეკა ბესელიამ სხდომათა დარბაზში ერთი კითხვა დასვა. ვინ და რატომ დაგეგემა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და რატომ არ არის დამკვეთი ამ დრომდე გამოვლენილი.
ამ მოწვევის პარლამენტმა პრემიერმინისტრის წლიურ ანგარიშს ბოლოჯერ მოუსმინა. მთავრობის მეთაური მოხსნებით მომავალ წელს უკვე მეათე მოწვევის პარლამენტთან უნდა მივიდეს. იქნება თუ არა გიორგი გახარია ისევ პრემიერის პოსტზე, ეს ოთხ თვეში, არჩევნების შემდეგ გაირკვევა.