სად იფლანგება თბილისის ბიუჯეტის ფული. დედაქალაქის მერმა თავისუფალ და კრიტიკულ მედიაზე იერიშის მისატანად პიარ ტექნოლოგების არმია გააქტიურა, რომლის სათავეში კალაძე თავად დგას. საინტერესოა ის ფინანსური რესურსი რომელიც 55-კაციან გუნდზე იხარჯება. იმ დროს, როდესაც მშიერი ხალხი ხშირ შემთხვევაში ქუჩაში მოწყალების მისაღებად დგას, კალაძე საკუთარი თავის რეკლამირებისა და კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ შავ პიარზე ისევ ჩვენს ფულს ხარჯავს. მხოლოდ წელს მერს საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო შენახვა 5 მილიონი დაუჯდა. სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი განსაკუთრებით "მთავარი არხის" ეთერში სკანდალური რეპორტაჟების გასვლის შემდეგ გააქტიურდა.
კახა კალაძემ ორბელიანის მოედნის ქვეშ არსებულ ავტოსადგომზე გაკეთებული რეპორტაჟის შემდეგ "მთავარი არხი" ფეიკ ნიუსების გავრცელებაში დაადანაშაულა და ბრძოლის ახალ მეთოდს მალევე მიმართა. საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო თბილისის მერიაში ორი წელია არსებობს, თუმცა როგორც ჩანს დედაქალაქის მერი, მედიას უკვე 55-კაციან პიარ-არმიასთან ერთად უპირისპირდება.
სააგენტოს ბიუჯეტი წლების განმავლობაში ელვისსისწრაფით, დაარსებიდან ორნახევარჯერ გაიზარდა. მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. დაარსებიდან დღემდე კი ინფორმაციის მიწოდებისთვის კალაძემ 11 მილიონი დახარჯა.
"რადიო თავისუფლების" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, დედაქალაქის მერის 55-კაციან პიარ ჯგუფში. 17 შტატიანი და 38 შტატგარეშე თანამშრომელია. მათ შორის 23 პიარმენეჯერი, ოთხი პრესოფიცერი, სამი ოპერატორი, ორი ფოტოგრაფი, სამი მძღოლი, ლაივ ადმინისტრატორი, სოც. მედია ჯგუფის მენეჯერი, პროდიუსერი, რედაქტორი, დიზაინერი და სხვა პირები. კახა კალაძის მიერ სოციალური ქსელის დასპონსორებაზე გასულ წელს დახარჯული თანხა კი ათობით მეეზოვის წლიურ ანაზღაურებას უდრის.
პიარ ჯგუფის თანამშრომლებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადის ხელფასი 5 000 ლარია, ყველაზე დაბალანაზღაურებადის - 1000 ლარი. მხოლოდ 2020 წლის პირველ ხუთ თვეში სააგენტოს სარეკლამო მომსახურების კონტრაქტების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბოლო კვლევის მიხედვით, ყველაზე მრავალრიცხოვანი და მაღალბიუჯეტიანი პიარსამსახურების ათეულში თბილისის მერია მეოთხე ადგილს იკავებს.
მკვლევარები კალაძის პიარში დახარჯულ ბოლო თანხას სწორედ ახლა ითვლიან. "რადიო თავისუფლების" მიერ გამოთხოვილ დოკუმენტში ჩანს, რომ მხოლოდ 2019 წელს და მხოლოდ აქტივობების დარეკლამებაზე თბილისის მერიამ ფეისბუქში 170 ათასი ლარი დახარჯა. თუმცა მედიის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ ტენდენცია დღითიდღე მზარდია.
დედაქალაქის მერიაში 55-კაციანმა პიარ არმიამ აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო. პირველ სერიაში კახა კალაძე მთავარ წამყვანად მოგვევლინა. როდის იქნება მეორე რაუნდი უცნობია, თუმცა თბილისის მერი თვლის, რომ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პირადად უნდა დაუპირისპირდეს.