რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ტერიტორიის განაღმვა დაიწყეს. განაღმვითი პროცესების პირველ დღეს, ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე 4 რუსი გამნაღმველი აფეთქდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 4-ვე ადგილზე დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ აზოვსტალის ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის შემდეგ, ქარხნის ტერიტორია რუსების კონტროლქვეშ მოექცა. ოკუპანტებმა მათ მიერვე განადგურებული ქარხნის გარე პერიმეტრისა და თავშესაფრების კადრები უკვე გაავრცელეს.
ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაა მარიუპოლში. მტრის მიერ მთლიანად განადგურებული ქალაქის ერთ-ერთ ნანგრევებში 200 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. უკრაინული მხარის მონაცემებით, ოკუპანტების 3 თვიან ინტენსიურ დაბომბვებს მარიუპოლში 20 ათასზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები და ქალები ემსხვერპლნენ.