ნაცემი მოწმე, იძულებით სასურველი ჩვენების მიღება და სპეცოპერაცია თბილისში, რომელიც 17 ახალგაზრდის დაკავებით დასრულდა. პოლიცია გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული დაღუპვის საქმეში მასობრივ დაპატიმრებას ახორციელებს და პარალელურად, მისთვის სასურველი ვერსიის გასამტკიცებლად წამებას იყენებს. მცხეთაში მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი ამტკიცებს, რომ გამომძიებლები სასურველი ჩვენების მისაღებად და ძალადობისას მათთვის მისაღები თანმიმდევრობის დასაბუთებისთვის - კანონის ყველა ფარგლებს გასცდნენ.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა ამტკიცებს, რომ ორი დღის წინ, მცხეთის პოლიციაში დაკითხვისას სამართალდამცავები მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიზეზი ჩვენების შინაარსია. მამის ინფორმაციით, სამართალდამცავები არასრულწლოვნისგან საბედისწერო დაბადების დღის შესახებ მათთვის სასურველ ჩვენებასა და კონკრეტული ახალგაზრდების წინააღმდეგ ინფორმაციას ითხოვდნენ. შესაბამისად, არ აიტერესებდათ ის, რასაც მოზარდი უყვებოდა. 16-საათიანი დაკითხვისა და ძალადობის შემდეგ პოლიციელების დაბეჭდილ ჩვენებას ხელი ისე მოაწერინეს, რომ შინაარსის არ გააცნეს.
ამ დაკითხვას არასრულწლოვნის ადვოკატი არ ესწრებოდა. უფლებადამცველი საქმეში მოგვიანებით ჩაერთო. მამის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია დღეს სწორედ ადვოკატმა გაახმაურა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ამგვარი პოზიციის მიუხედავად, არასრუილწლოვანზე განხორციელებული ძალადობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაინტერესდა. მცხეთის პოლიციაში მომხდარის დეტალები ინსპექტორის წარმომადგენელმა დღეს თავად არასრულწლოვნისგან მოისმინა.
დაკავებული არასრულწლოვანი მცხეთაში დაბადების დღეს თავიდანვე ესწრებოდა, ის იუბილარის მეგობრის სტუმარი იყო. ოჯახი ამბობს, რომ წვეულებაზე ვახო ჩიქოვანთან ერთად ავიდა და ტერიტორიაც ნასვამმა, მასთან ერთად დატოვა. კონკრეტულად რა ინფორმაციას სთხოვდნენ ძალადობით მას პოლიციაში უცნობია. თუმცა "მთავარის" მოპოვებული და ადვოკატებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 18 ივლისის სურათი ასეთია.
ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეზე რამდენიმე ათეული ახალგაზრდა იმყოფებოდა. წვეულებისთვის ნაქირავებ სახლში მყოფთა ნაწილი ერთმანეთს არ იცნობდა. მოზარდების პირველი დაპირისპირება იმ ოთახში დაიწყო, სადაც წვეულება მიმდინარეობდა. არაოფიციალურად ამბობენ, რომ სხვა მიზეზით მომხდარი უთანხმოება ნახალოვკელებსა და საბურთალოელებს შორის უბნურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "მთავარის" ინფორმაციით, ამ დაპირისპირების კადრები შესაძლოა, ახლაც წვეულების ერთ-ერთი მონაწილის პირად ტელეფონში ინახებოდეს. რადგან წყარო გვიყვება, რომ ჩხუბს სახლის მეორე სართულიდან იღებდნენ.
პირველი დაპირისპირების შემდეგ სიტუაცია მცირე ხნით განიმუხტა. წვეულება სტუმართა ნაწილმა დატოვა. თუმცა მალევე დაპირისპირების მეორე და უფრო აგრესიული ეპიზოდი დაიწყო. სავარაუდოდ, ამ დროს პირველ ეპიზოდში მონაწილე ერთ-ერთმა ნახალოვკელმა ახალგაზრდამ დახმარება თბილისში უბნელებს სთხოვა. სწორედ ამის შემდეგ ჩნდებნიან საქმეში მორაგბეები რომლებიც ტერიტორიაზე მსუბუქი მანქანით ავიდნენ.
ამ დღეების განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ მორაგბეები ადგილზე რკინის ხელკეტებით შეიარაღებულები მივიდნენ. ჩხუბი ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ მოხდა. სწორედ ამ ტერიტორიიდან იკარგებნა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის კვალი.
მორაგბეები პოლიციამ საქმეზე დაწყებული გამოძიებიდან ერთ კვირაში დააკავა. მანამდე ისინი ჰყავდათ მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე და სამხარაულში ექსპერტიზაზე. დაკავებული მორაგბეები არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია ნახალოვკაში უბნელები და ერთმანეთის მეგობრები არიან. ვინ დაურეკა მორაგბეებს დასახმარებლად, უცნობია. ადვოკატი ბრალის ოფიციალურ წარდგენამდე დეტალებზე არ საუბრობს. გაგნიძისა და მახარაძის ინტერესების დამცველი საქმის მასალებს მცხეთის პოლიციაში დღეს უშედეგოდ ითხოვდა.
მედიასთან საქმის დეტალებზე არ საუბრობენ არც დაკავებულების ოჯახის წევრები.
17 დაკავებულს შორისა ნიკა ჟვანია და ვახო ჩიქოვანი. ჩიქოვანი ცნობილია, რომ იუბილარი გოგოს მეგობარია და დაბადების დღეზეც იმყოფებოდა. ჩხუბის დროს დაზიანებები მან თავადაც მიიღო. ეს კარგად ჩანს იმ კადრებშიც, რომელიც სამხარაულის ბიუროში მისი ექსპერტიზის დასრულების შემდეგაა გადაღებული. თუმცა სხვა დეტალები, მაგალითად ის, თუ ვინ ან რა საგანი დაარტყა მას და რა მონაწილეობა ჰქონდა დაპირისპირებაში, ადვოკატი არ აკონკრეტებს.
დაკავებულებს შორისაა საბედისწერო დაბადების დღის კიდევ ერთი სპორტსმენი სტუმარი. თენგო ბარბაქაძე ხიდის ეპიზოდის იმ კადრებშიც ფიგურირებს, რომელიც სამართალდამცავებს საქმეში უდევთ. დაკავებამდე მოპოვებული მტკიცებულება პოლიციამ მასაც აჩვენა. ადვოკატი არ უარყოფს, რომ ბარბაქაძე კონფლიქტში მონაწილეობდა, თუმცა ამბობს, რომ დაზიანება მას არავისთვის მიუყენებია, პირიქით, მას გაუსწორდნენ. დაბადების დღეზე მომხდარ კონფლიქტზე ბევრი დეტალი არ იციან არც ბარბაქაძის ოჯახში, ნათესავები მხოლოდ იმას ამტკიცებდნენ, რომ ბარბაქაძე შაქარიშვილს არ იცნობდა.
პირველი კონფლიქტის შემდეგ თენგო ბარბაქაძე თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონ გიგა ტატიაშვილთან ერთად ბრუნდებოდა, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, მათ ადგილზე დარჩენილმა მეგობრებმა დახმარებისთვის დაურეკეს და შესაბამისად, ისინიც მიბრუნდნენ. ბოლო დაპირისპირებას ხიდთან შეესწრნენ. ვინც ამ დაპირისპირების კადრები ნახა, ამტკიცებს რომ ევროპის ჩემპიონი ტატიაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა და ბოლომდე საკუთარ მანქანასთან იდგა.
ნახალოვკელების გარდა 17 დაკავებულს შორის საბურთალოელებიც არიან. მათ შორისაა საბა ჩხარტიშვილი. მისი ადვოკატიც საქმის მასალებს ელოდება იმისთვის, რომ მომხდარის დეტალებზე ისაუბროს.
19 წლის ფეხბურთელის საქმეზე 17 პირის დაკავების მიუხედავად, საქმის ირგვლივ ისევ არაერთი შეკითხვაა. მთავარი მაინც უთანხმოების დაწყების მიზეზი და საქმეში თბილისიდან საგანგებოდ გამოძახებული მორაგბეების საკითხია. გარკვეული შეკითხვები საქმის მიმართ ისევ აქვს გარდაცვლილის ოჯახს, თუმცა ამბობენ, რომ ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან. შაქარაშვილის ბიძა არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაიზრდოს.
როგორც ჩანს, საქმეზე უფრო მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ და ადვოკატებს საქმის მასალებს გადასცემენ. სწორედ მაშინ გამოიკვეთება ვის რა როლი აქვს იმ დაპირისპირებაში, რის გამოც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.