"შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე" - კელი და კრამერი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე

გამოქვეყნდა:

"პუტინი მარცხდება უკრაინაში, თუმცა იმარჯვებს საქართველოში" - ამ სათაურით საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს.

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური ვითარება, ამასთან, გაკრიტიკებულია ქართული ოცნების მმართველობა. 

პუბლიკაციაში საუბარია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზეც. დიპლომატები გადაწყვეტილებაზე შეშფოთებას გამოთქვამენ და ფიქრობენ, რომ აღნიშნული ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"უკანასკნელი შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე გასულ კვირას მოხდა, როცა მოსამართლემ ნიკა გვარამიას, წამყვანი ოპოზიციური ტელეარხის - "მთავარი არხის" დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით სამ წელზე მეტი პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ გვარამიას საქმე "კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი" და ვარაუდობს, რომ ის არასწორ სიგნალს აგზავნის მის დასავლურ ორიენტაციაზე, მაშინ, როცა "საქართველოს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობა  ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში წინსვლის" - ვკითხულობთ სტატიაში.

შეგახსენებთ, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 
განაჩენს მწვავე საერთაშორისო გამოხმაურება და ავტორიტეტული ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი