
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ამ თემაზე მან დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს.
"საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია. ძალიან ლოიალური და ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ ევროკავშირს, რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ეს მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევია სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ და ხელშესახები შედეგებიც ვიქონიეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სახით, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაწევრიანების გარდა სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია.