"ნათელია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო" | გახარია ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას შეფასებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.

ამავე დროს, გახარია ფიქრობს, რომ ეს საქმე ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის და "არც უნდა შეუშალოს".

"ჩემთვის ნათელია, რომ ამ საქმის ახსნა პოლიტიკური მოტივის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. პირველი - ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თუ არ ვცდები 3 წელზე მეტია, დიდი ხანია. ეს შედეგი შეიძლება დამდგარიყო ან ერთი კვირით ადრე, ერთი თვით ადრე ან ორი-სამი თვის შემდგომ. გასაგებია, რომ ადამიანებმა მომენტი ამოარჩიეს სპეციალურად. მეორე - ამ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს რამდენიმე "ოფცია", მათ შორის ბევრად უფრო მსუბუქიც, რომელიც არ შეუშლიდა იმ შემთხვევაშიც, როცა ნიკა გვარამია დამნაშავეა, სასჯელი აღსრულებულიყო, მაგრამ მას მისი პროფესიული უფლებების შესრულება გაეგრძელებინა.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს, ამ მომენტში, ქვეყნის ევროპული ფასეულობები, მედიასთან დაკავშირებით მთავრობის გადადგმული ნაბიჯები და დამოკიდებულება, თვითონ მეთოდი, როგორც ეს გაკეთდა, სულ რომ 100%-ით სწორი იყოს განაჩენი, რაშიც მე ეჭვს ვერ შევიტან, რადგან საქმე არ ვიცი და მოსამართლე არ ვარ, ის, თუ როგორ იყო ეს პროცესი წარმართული და როდის რა ნაბიჯები იქნა გადადგმული, აშკარად აჩვენებს ყველასთვის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო", - თქვა გახარიამ.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი