
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა და ჰკითხა, იზიარებს თუ არა თავისი თანაგუნდელების მოსაზრებებს ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით.
ვაშაძემ ილია დარჩიაშვილს "ოცნების" ლიდერების კონკრეტული განცხადებები შეახსენა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის.
"ბატონმა ირაკლი კობახიძემ ბრძანა, რომ ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი, არის კრიმინალების მფარველი. კითხვა მაქვს, თქვენ იზიარებთ თუ არა მათ განცხადებას და ეს განცხადება ხელს შეუწყობს თუ შეუშლის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას.
ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა კრიმინალური პოლიტიკური ძალის ლობისტად მოიხსენია. იგივე კითხვა მაქვს - იზიარებთ თუ არა ამ განცხადებას.
ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბატონი ჟიგიმანტას პავილიონისი მოიხსენია "გიჟიმანტასად", თქვენ იზიარებთ თუ არა მის განცხადებას და ფიქრობთ, რომ ეს ხელ შეუშლის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას თუ ხელს შეუშლის.
ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ბრალი დასდო გარკვეულ ძალებს, რომ ხდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი თავისი ქონებით, რომ ის დაუბრუნდეს პოლიტიკას და ქვეყანა ჩაერთოს ომში. ამის შემდგომ, "ოცნების" პროპაგანდისტები ტელევიზიებით გამოვიდნენ და ხელი დაადეს აშშ-ს. უფრო შორსაც წავიდნენ და თქვეს, რომ ივანიშვილის შემობრუნება უნდათ და საქართველოს ომში ჩართვა და მეორე - მათ განაცხადეს, რომ შვეიცარიული ფინანსური სისტემის ჩამონგრევაც კი უნდათ. თქვენ იზიარებთ თუ არა ამ განცხადებებს და თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ აშანტაჟებდა ან აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს", - მიმართა ვაშაძემ საგარეო უწყების ხელმძღვანელს.
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დარჩიაშვილს ასევე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაზეც ჰკითხა, რომელმაც თქვა, რომ ახლა საქართველოს მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯებია საჭირო.
"მთავარი კითხვაა - რა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას აპირებთ თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ქართული ოცნება და ხელისუფლება იმისთვის, რომ ამ 2-3 კვირაში საქართველომ მიიღოს საბოლოოდ დადებითი პასუხი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ამავე თემაზე: