
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებაზე ამბობს, რომ "სირცხვილია". მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არგუმენტების გარეშე შეუერთდა სასამართლო სისტემის წინააღმდეგ კამპანიას და არასწორი განცხადებით პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა.
კობახიძემ, ასევე თქვა, რომ ზურაბიშვილმა არ იცის როდის რა ისაუბროს.
"რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებას, მე მგონი სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, ამას ძალიან პირდაპირ და თამამად ვამბობ, ჯერ ერთი 26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის სერიოზული პრობლემა.
რაც შეეხება სასამართლოს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად, ასეა ეს, ამ არასწორი განცხადებით, მან სცადა, რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის, ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე როდის რა განცხადება გააკეთო", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, როდესაც პრეზიდენტი არგუმენტების გარეშე თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტის, ეს არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს.
"ეს თავისთავად აღსანიშნიც შეიძლება არ ყოფილიყო იმ ფონზე როდესაც გუშინ პრეზიდენტმა პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე, ამ ფონზე, რა თქმა უნდა სასამართლოზე არასწორი განცხადება არის არაფერი", - თქვა კობახიძემ.
იხილეთ ასევე: