
სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის საპორტო ქალაქ მიკოლაივში დაბომბვის შედეგად - ამის შესახებ შაბათს რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციამ განაცხადა.
მიკოლაივი უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ არც თუ ისე შორს არის უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ბრძოლის ფრონტის ხაზი. ის დაახლოებით 60 კილომეტრითაა დაშორებული ხერსონიდან, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
„შაბათს 28 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კიდევ ერთხელ გაისროლეს ქალაქ მიკოლაივის მიმართულებით. ჭურვი ისევ საცხოვრებელ უბნებს დაეცა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ცნობილია, რომ დაშავებულია მინიმუმ 6 მშვიდობიანი მოქალაქეც“- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა ჭურვები საბავშვო ბაღიდან 20 მეტრში, საცხოვრებელი ფართის ეზოში ისროლეს.