
თუ რუსულ ნავთობზე დაუყოვნებლივ და სრულად ვიტყვით უარს, პუტინი ფასის ზრდით ისარგებლებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა MSNBC-თან განაცხადა.
ის მიიჩნევს, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ვლადიმირ პუტინი სხვა მყიდველს იპოვის და სრული ემბარგოს შედეგად გაზრდილი ფასითაც ისარგებლებს. ამიტომ, როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირმა ბალანსი უნდა იპოვოს, რათა საკუთარი ეკონომიკა არ დააზიანოს.
"თუ დღეს სრულად ვიტყვით უარს რუსულ ნავთობზე, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ალბათობით, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და უფრო მეტს გამოიმუშავებს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გეგმად რჩება, რუსეთის ენერგორესურზებზე ეტაპობრივად უარის თქმა, საბოლოოდ კი მისგან სრული დამოუკიდებლობა.
კომისიამ წევრ ქვეყნებს რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე სრულად შეზღუდვა შესთავაზა. აქვე, გათვალისწინებული იქნა დამატებითი დრო უნგრეთისა და რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის.
ცნობისთვის, სრული ემბარგოსთვის საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა.