
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები "მოსალოდნელ დონეზე" არ წარიმართა და ანკარა ვერ დაუშვებს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას.
"მანამ სანამ თაიფ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია "კი" ვუთხრათ NATO-ს წევრობაზე ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს",- თქვა მან.
გამოცემა Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებთან მოლაპარაკებებმა მცირედ წინსვლას მიაღწია და ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა.
მას შემდეგ, რაც ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არ ეთანხმება, რადგან ისინი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK).
ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის მთავრობებმა ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას მხარი მაისში დაუჭირეს.