მოსამართლეები, რომლებიც აშშ-მ დაასანქცირა - ყველაზე ცნობილი ქეისები მსოფლიოში

გამოქვეყნდა:

შესაძლებელია თუ არა მოსამართლეების სანქცირება? საერთაშორისო პრაქტიკა არაერთ შემთხვევას იცნობს, როცა მოსამართლის უსამართლო, ან პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის გამო ეს უკანასკნელი სანქციებში მოხვდა და მათ შორის, სამუდამოდ აეკრძალა შეერთებულ შტატებში შესვლა. 

სწორედ იმ ქვეყანაში, სადაც სხვათა შორის რამდენიმე თვის წინ სამუდამოდ წავიდა ქართულ სასამართლოში უვადოდ გამწესებული მოსამართლე. 

ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი პოლიტიკური განაჩენის შემდეგ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ჩახსნა ამერიკული ტრენინგიდან შესაძლოა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდეს პროცესისა, რასაც ქართველი მოსამართლეების სანქცირება ჰქვია. 

ჩხიკვაძის სხვა კოლეგები კი ირაკლი კობახიძემ აიძულა ვითომ სოლიდარობის გამო არ წასულიყვნენ შეერთებულ შტატებში. ანუ გამოდის, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების ერთმა რიგითმა წარმომადგენელმა, აიძულა სასამართლო ხელისუფლება, გადაედგათ კონკრეტული ნაბიჯი. 

2021 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის.  ის სასამართლოში ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს 2013 წლიდან მუშაობს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტუპიცკის მიმართ კორუფციული ბრალდებების და უკრაინის სასამართლო სისტემაში მუშაობისას ქრთამის აღების ფაქტების გამო,  2021 წლის მარტში გააუქმა იანუკოვიჩის გადაწყვეტილება ტუპიცკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შესახებ.

მაშინ ამას უკრაინის სასამართლო სისტემაში ხმაური მოყვა, დეკემბერში კი შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი მოსამართლე ტუპიცკი სანქციების სიაში შეიყვანა, სანქცია მოსამართლის ცოლს, ოლგა ტუპიცკაიასაც შეეხო - ყოფილ მოსამართლესა და მის მეუღლეს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. 

ბულგარეთის ქეისი -  2020 წლის 5 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ბულგარელ მოსამართლე ანდონ მიტალოვს. მიტალოვის მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებში ძირს უთხრიდა კანონის უზენაესობას ბულგარეთში და საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. მოსამართლე მიტალოვმა მოსკოვში ვიზიტის უფლება მისცა ბულგარეთის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ნიკოლაი მალინოვს, რომელსაც რუსეთთან ჯაშუშობაში ედებოდა ბრალი და რომელმაც პირადად პუტინისგან მიიღო ჯილდო. მიტალოვთან ერთად, შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ მის ცოლს, კორნელია სტოიკოვა მიტალოვას და მის შვილს, გერგანა მიტალოვას....

მექსიკის ქეისი - 2019 წლის მაისში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მექსიკის მაგისტრატ მოსამართლეს ისიდრო აველარეზ გუტიერესსა და (მექსიკის დასავლეთ სანაპირო ნაიარიტის შტატის) ყოფილ გუბერნატორს, რობერტო სანდოვალ კასტანედას.

მაგისტრატი მოსამართლე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა და ქრთამის სანაცვლოდ, ნარკომოვაჭრეებს ნარკოტრეფიკინგში უწყობდა ხელს.

ვენესუელა - 2019 წლის 26 აპრილს, სანქციები ერთდროულად მოსამართლე კაროლ პადილიოს და ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრს ხორხე არეასას შეეხო. ვენესუელას პირველ დიპლომატს ხალხის დემოკრატიული სწრაფვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდნენ. 

ხორხე არესა ნიკოლას მადუროს რეჟიმის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ვენესუელას ყოფილი მმართველის, დიქტატორ უგო ჩავესის ახლო ნათესავია. 

სანქციების დაწესების მომენტში ის საგარეო მინისტრი იყო და ამ პოსტს კიდევ 2 წელი ინარჩუნებდა. 
„შეერთებული შტატები შორიდან ვერ უყურებს, თუ როგორ ართმევს ვენესუელელ ხალხს სიმდიდრესა და დემოკრატიას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმი“, – განმარტებულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში. 

პირველ დიპლომატთან ერთად, ვაშინგტონის შავ სიაში მოხვდა მოსამართლე კაროლ პადილიო,  რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს დევნიდა. მოსამართლეს და საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა, ამერიკაში არსებული ყველა აქტივი დაებლოკათ. ამერიკულ კომპანიებს და აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმიანი შეთანხმებების დადება აეკრძალათ.

ვენესუელა - სიტგოს ექვსეულის ქეისი.  2020 წლის 31 დეკემბერს ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელელ მოსამართლე ლორენა კაროლინა კორნიელეს რუიზს და პროკურორ რამონ ანტონიო ტორეს ესპინოზას  სანქციები  ნავთობკომპანია CITGO-ს ექვსეულის პოლიტიკური დევნის გამო დაუწესა.

საქმე იმაშია რომ  2017 წელს, CITGO პეტროლეუმის დირექტორატის 6 წარმომადგენელი ვენესუელის უსაფრთხოების აგენტებმა უკანონოდ, კორუფციის ბრალდებით დაიჭირეს. დაკავებულებისთვის არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლო და მათ 8-დან 13 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ. 

ექვსეულის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობდნენ მოსამართლე ლორენა კაროლინა კორნიელეს რუიზი და პროკურორი რამონ ანტონიო ტორეს ესპინოზა.  შეერთებულმა შტატებმა განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულად ჩათვალა და მადურუს რეჟიმთან კავშირში მყოფ მოსამართლესა და პროკურორს მკაცრი სანქციები დაუწესა. მოსამართლესა და პროკურორს  დაუყადაღდათ  ქონება და აეკრძალათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი