"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიციისა და მისი უცხოელი ლობისტების გეგმაა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ენმ-სა და "მისი სატელიტების" სურთ, ამის შემდეგ მთვრობის გადატრიალება მოხდეს და საქართველოს ომში ჩაერთოს.
კობახიძის მტკიცებითვე, საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას.
"საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45% რაც უპრეცედენტო შედეგია, ამ მონაცემებით საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი, როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს, ასევე, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს", - ამბობს კობახიძე.
კობახიძემ თქვა, რომ გაუგებარია რატომ უნდა უთხრას ევროკავშირმა საქართველოს ამ სტატუსზე უარი.