ვიცე-პოლკოვნიკის შეუძლებელი მისია | Dailymail-ის სტატია გიორგი ქუფარაშვილზე

გამოქვეყნდა:

ვიცე-პოლკოვნიკის შეუძლებელი მისია - გამოსვლა მარიუპოლის ჯოჯოხეთიდან. დაჭრილი მეთაური უკრაინის ომის ზონიდან სასიკვდილო ფრენის შესახებ ბრიტანულ Dailymail-თან ყვება.

აზოვის ერთ-ერთი გმირი გვიამბობს თავის დაუჯერებელ ისტორიას, თუ როგორ გამოაღწია „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან შვეულმფრენით, ტყვიების სეტყვის ქვეშ.

სამაშველო მისიის დეტალები გუშინ გაამხილა უკრაინის ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა, რომელმაც აღწერა, თუ როგორ დაფრინავდნენ ძველი საბჭოთა შვეულმფრენები ორ-ორად და ოთხ-ოთხად რუსული საჰაერო თავდაცვის პირობებში, რათა დახმარება ჩაეტანათ ალყაშიმოქცეულ ქალაქში, დაჭრილები კი გამოეყვანათ.

ყველა პილოტი ვერ დაბრუნდა სახლში. სულ მცირე ორი ვერტმფრენი ჩამოგდების შესახებ არის ცნობილი. მაგრამ ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი, აზოვის პოლკის თანადამფუძნებელი, რომელიც თითქმის სამი თვის განმავლობაში უძლებდა რუსეთის შემოტევას, იმათ შორისაა, ვინც ცოცხალი გადარჩა.

44 წლის კაცი თითქმის შიშველი გამოიყვანეს, მას შემდეგ, რაც ექიმებმა გადაუდებელი სარისკო ოპერაცია ჩაუტარეს "აზოვსტალის" ქარხანაში. მას მუცელში ორი ტყვიის მოხვედრის შემდეგ, გაწყვეტილი ჰქონდა საჯდომი ნერვი და ამის გამო სიარული აღარ შეეძლო. 

„მიწის ქვეშ, რამდენიმესართულიან სარდაფში დაჭრილი ჩამიყვანეს“, - უთხრა „დეილი მეილს“ ვიცე-პოლკოვნიკმა ქუფარაშვილმა, რომელიც ახლა კიევშია და ერთ-ერთ სასტუმროში გადის რეაბილიტაციის კურსს.

„მარიუპოლის ყველა საავადმყოფო დაიბომბა, მაგრამ ჩვენ მაინც გვყავდა ექიმების მცირე რაოდენობა „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში. ბიჭებმა ოპერაცია შესანიშნავად ჩაატარეს. ეს მართლაც წარმოუდგენელი იყო. მიწისქვეშა, ეგრეთ წოდებულ ბუნკერში მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა. ორი ტყვია ამომიღეს მუცლიდან, როცა ჩვენს თავზე ბომბები ცვიოდა. ჩემ გვერდით იყო მეგობარი, რომელსაც ხელი მთლიანად ჰქონდა მოჭრილი, მაგრამ მეორე დაჭრილ ჯარისკაცს ეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სიარული, თითქმის, არ შეეძლო. საოცარი ადამიანები არიან. ტანსაცმელიც კი ვერ ჩამაცვეს და სრულიად შიშველი გამომიყვანეს იქიდან“,- ყვება ქუფარაშვილი. 

ვერტმფრენების პილოტების მიერ „აზოვსტალის“ ქარხანაში შესრულებული „შეუძლებელი მისიების“ დეტალები საბოლოოდ კიევის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა გამოაქვეყნა.

ის ამტკიცებს, რომ „ყველა მისია წარმატებული იყო“ და არ გვიზიარებს დაღუპულთა რიცხვს ჩამოგდებული მინიმუმ ორი ვერტმფრენებიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ნამდვილი გმირი" უწოდა მფრინავებს, რომლებმაც დახმარების მისიები შეასრულეს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ: 90 პროცენტი იქიდან ცოცხლი ვერ ბრუნდებოდა.

ვიცე-პოლკოვნიკი ქუფარაშვილი ერთ-ერთი იმ იღბლიანთაგანი იყო, ვინც გადარჩა. 

„დილის ოთხ საათზე უნდა მივსულიყავით საევაკუაციო წერტილში...მაგრამ ამ პუნქტამდე მისასვლელად ბომბებისა და ტყვიების წვიმაში უნდა გაგვევლო. ირგვლივ ბრძოლა იყო“,- თქვა მან.

ამის შემდეგ რაც მოხდა, განსაკუთრებული იყო ვიცე-პოლკოვნიკისთვის, რომელიც ერაყის მისიაში იბრძოდა მშობლიური საქართველოსთვის და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირად დაცვაში მუშაობდა.

”ეს ნამდვილი სიგიჟე იყო”, - თქვა მან. - "ჩემს კარიერაში ყველანაირ ადგილას ვყოფილვარ და ყველაფერი მინახავს - მაგრამ ეს სხვა სახის სიგიჟე იყო“.

ვიცე-პოლკოვნიკ ქუფარაშვილის ვერტმფრენმა სასწაულებრივად გაარღვია რუსეთის საჰაერო თავდაცვა, რომელიც ფოლადის ქარხანაზე იყო მიმართლი, და დნიპროსკენ გაემართა. სამწუხაროდ, მას შემდეგ პილოტის შესახებ არაფერი სმენია და თვლის, რომ ის მას შემდეგ დაიღუპა, რაც ის უკან იდევ ერთი მისიის შესასრულებლად დაბრუნდა.

„დანიშნულების ადგილამდე მიღწევის ძალიან მცირე შანსი იყო, მაგრამ რა განსხვავებაა, მიწაზე მოკვდები თუ ჰაერში? ასე კი, მცირე შანსი მაინც გვქონდა".

ვიცე-პოლკოვნიკი ქუფარაშვილი 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მიზნით, საქართველოდან უკრაინაში ჩავიდა. ის აზოვის ლიდერის, დენის პროკოპენკოს მენტორი იყო.

მისი მეუღლე, 40 წლის ნატალი და შვილები, 16 წლის ლუკა, 14 წლის ელიზაბეტი და 12 წლის ანდრია იძულებულნი გახდნენ, ლონდონში გადასულიყვნენ მას შემდეგ, რაც იმავე წელს გიორგი ქუფარაშვილის  "თავისთვის ჯილდო დაწესდა". მას შემდეგ ოჯახი აღარ უნახავს. ის მათთან ერთად ცხოვრებაზე ოცნებობს, მაგრამ ახლა მთელი ყურადღება მეგობრების დაბრუნებაზე აქვს გადატანილი. ”ჩვენ ვერ დავივიწყებთ მათ და მე არ გავჩერდები, სანამ ჩემს ბიჭებს არ დავიბრუნებ,” - ამბობს ქუფარაშვილი.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი