მდუმარე მილიონერი დეპუტატები "ქართული ოცნებიდან"

გამოქვეყნდა:

მდუმარე მილიონერები საქართველოს პარლამენტში - დეპუტატები, რომლებიც მათი ამომრჩევლის ხმა უნდა იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში, წლების განმავლობაში საერთოდ არ იღებენ ხმას. არც კანონების წერით იწუხებენ თავს.

სამაგიეროდ, სათქმელს დეპუტატებისგან განსხვავებით გაცილებით ხმამაღლა და მკაფიოდ ამბობს მათი ქონება და სიმდიდრე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. და ეს ხშირად ბიუჯეტიდან მიღებული ტენდერების ხარჯზე ხდება.

კახა კალაძის დაცვის ყოფილი წევრი გია ბენაშვილი პარლამენტში, "ქართული ოცნების" რიგებში 2016 წლიდან ირიცხება. საკანონმდებლო ორგანოში ის პარტიული სიით მოხვდა. გია ბენაშვილი "ოცნების" იმ დეპუტატთა შორისაა, რომლებსაც გასულ წლებში, საკომიტეტო მოსმენებსა თუ სესიებზე, არც განცხადება გაუკეთებია და არც სიტყვით გამოსულა, თუმცა მისი ქონებრივი დეკლარაცია ყოველწლიურად იზრდება. თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, დეპუტატმა არაერთი მიწის ნაკვეთი და ფართი შეიძინა. 

საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" რიგებში გამდიდრებულ დეპუტატებს შორისაა თემურ გოცირიძე. დეპუტატმა "ოცნებას" 2016 წელს 40 ათასი ლარი შესწირა. პარლამენტში ყოფნისას კი დიდი ოდენობის უძრავი ქონება დააგროვა.

2016 წლიდან დღემდე, დიდი ქონება დააგროვა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმაც. იოსებ მაკრახიძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებიდან ათასობით მილიონი ლარი მიიღო. შიდა ქართლის მასშტაბით ყველა ტენდერში მაკრახიძესა და მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები უკონკურენტოდ იმარჯვებენ. მრავალი მილიონი ლარით არის გაზრდილი მისი კომპანიების შემოსავლებიც. დეპუტატი "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველია, რომელმაც 2019 წლის ნოემბერში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 

კიდევ ერთი გამდიდრებული პარლამენტარი ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების აქციების მფლობელი, "ოცნების" დეპუტატი ელგუჯა გოცირიძეა. მისმა ექიმებმა 2018 წელს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ათობით ათასი ლარი შესწირეს. 

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მდუმარე დეპუტატებს მორჩილებისთვის იყენებენ. პარლამენტში მმართველი გუნდისთვის არასასურველი კანონპროექტის ჩასაგდებად ამ დეპუტატების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა კენჭისყრის და მხარდაჭერის დროს ენიჭება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი