ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები კლინიკა ვივა მედში ხვალ, 2 საათზე მივლენ.
განჩინება ექვსდღიანი დაგვიანების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს დღეს ჩაბარდათ - ეს არის დოკუმენტი, რომელმაც მესამე პრეზიდენტის პალატის კარი ექსპერტებისთვის უნდა გახსნას . ცენტრ ემპათიას ექიმები ექვსდღიანი ლოდინის შემდეგ კლინიკაში შევლენ თუ ხელისუფლება კანონს არ დაარღვევს. მესამე პრეზიდენტი ექსპერტებს კლინიკაში დღესვე ელოდა, რადგან განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპეკულაციას და დროის გაჭიანურებას შეეცდება.
"ემპათიას" ექიმები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება ახლა კანონს დაარღვევს, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის გეგმა ამოქმედებულია.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სასამართლოს განჩინებას, რომელიც ექსპერტების დაშვებას გულისხმობს იმედიანად ხვდება და ამბობენ, რომ ეს იქნება გადამწყვეტი გზა სასჯელის გადავადებისთვის. გიული ალასანიას თქმით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ დარწმუნებულია, ექიმების დასკვნის საფუძველზე სასჯელის გადავადებას მოსამართლე გვერდს ვერ აუვლის.
კიდევ ერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ექიმები ელიან, ამერიკელი სპეციალისტების დასკვნა იქნება. ვივა მედში ჩატარებული კვლევები და მისი შედეგები ამერიკაშია გადაგზავნილი და პასუხს უახლოეს დღეებში ელიან.
ემპათიას ექსპერტთა ჯგუფს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებისთვის ათი დღე სჭირდება, მათ უნდა შეისწავლონ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები, მკურნალობის მეთოდები და დაწერონ დასკვნა, რაც შემდეგ სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს გადაეცემა - ექიმები თვლიან , რომ პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია, ახლა კი ყველა წუთი გადამწყვეტია.