
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პრემიერმინისტრ ბორის ჯონს შესაძლოა, უნდობლობა გამოუცხადონ. უნდობლობის წერილი ჯონსონს უკვე 28 დეპუტატმა წარუდგინა, ისინი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას Partygate-ის სკანდალის გამო ითხოვენ.
საუბარია პრემიერმინისტრის რეზიდენციაში 2020 წელს კოვიდრეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებზე. გამოძიების ფარგლებში, რომელიც პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დაასრულა, 83 პირზე 126 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმა შეეხო ჯონსონს და მის მეუღლესაც.
გასულ კვირას უფროსმა საჯარო მოხელემ, სუ გრეიმ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ჯონსონის რეზიდენციასა და მის მიმდებარედ გამართულ 16 წვეულებაზე. გრეიმ მოხსენებაში გააკრიტიკა დაუნინგ სტრიტში არსებული კულტურა და ხელმძღვანელობა. ანგარიშში ნაჩვენები იყო ფოტოები და იმ პირების სახელები, რომლებიც წვეულებას ესწრებოდნენ.
გრეიმ გამართული წვეულებები სათითაოდ გაანალიზა, იქვე ეწერა ის შეზღუდვებიც, რომელიც იმ დროს ქვეყანაში პანდემიის გამო იყო დაწესებული.მისი თქმით, ღონისძიებას მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, რაც არ უნდა დაეშვათ. გრეი ამბობდა, რომ "ცენტრის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, როგორც პოლიტიკურმა, ისე ოფიციალურმა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამაზე"; რადგან საზოგადოებას აქვს "უფლება მოელოდეს ქცევის უმაღლეს სტანდარტებს".
ანგარიშის თანახმად, წვეულებაზე დაფიქსირდა "უსაფრთხოებისა და დასუფთავების პერსონალის მიმართ პატივისცემის ნაკლებობისა და ცუდი მოპყრობის მრავალი მაგალითებიც".