დაბოქლომებული აჭარა - მილიონები უფუნქციო ბაზრებისთვის

გამოქვეყნდა:

დაბოქლომებული აჭარა. ეს რკინის კლიტეები იმ დაწესებულებებს ადევს, რომელიც რამდენიმე წლის აშენდა და წესით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს უნდა მოხმარებოდა. ამ დაკეტილ და უფუნქციო სახლებს აჭარის მთავრობამ ლოჯისტიკის ცენტრები დაარქვა. მაგალითად ეს ქედის მუნიციპალიტეტის ლოჯისტიკის ცენტრია. იგივე აგროჰაბი, სადაც ადგილობრივ ფერმერებს მათ მიერ მოწეული პროდუქცია უნდა მიეტანათ, ჩაებარებინათ ან დაესწაყობებინათ. ცენტრი ორი წლის წინ გაიხსნა და ტექნიკითაც აღიჭურვა. ახლა აქ მხოლოდ დარაჯია. 

ხილი და ბოსტნეული ქედელებს წესით სწორედ ამ აშენებულ და უფუნქციო აგროჰაბში უნდა მიჰქონდეთ, თუმცა, უმეტესობამ გვითხრა, რომ საერთოდ არ იცის რა ცენტრზე ვეკითხებოდით. ვისაც ყურმოკვრით
გაგებული ქონდა აგროჰაბის ამბავი, გვითხრეს, რომ იმდენად მიუდგომელ ადგილას ააშენეს, რომ იქ გახსნის შემთხვევასიც ვერ ივლიდნენ. 

დიდი ბოქლომი ადევს ასეთივე აგროჰაბს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. გვეუბნებიან, რომ მშენებლობა აქაც ორი წლის წინ დასრულდა, თუმცა მას შემდეგ არც გახსნილა. ბიუჯეტის ფულით აშენდა, აღიჭურვა და ჩაიკეტა. აქაც მხოლოდ დაცვის თანამშრომელი დაგვხვდა, რომლემაც შინგნით არ შეგვიშვა. 

უფუნქციო აგროჰაბის გახსნას ელოდებიან შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლები. აქ ძირითადად თხილი, მანდარინი და ბოსტნეული მოჰყავთ. ამბობენ რომ მათთვის სერიოზული შეღავათი იქნებოდა რომ შეეძლოთ საკუთარი პროდუქციის ერთ კონკრეტულ ადგილას მიტანა და ჩაბარება. 

ტენდერი შუახევის ლოჯისტიკის ცენტრის აშენებაზე ორჯერ გამოცხადდა. პირველ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ვერ შეასრულა. მერე მეორედ გამოცხადეს, მშენებლობა გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა აქ ჯერ ისევ ნანგრევებია. არადა ტექნიკა ამ ცენტრისთვის უკვე ნაყიდია, ცხადია, ბიუჯეტის ფულით. სულ აჭარაში ხუთი აგროჰაბი აშენდა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამ მილიონზე მეტი გამოიყო. ხალხის ფული დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. არც ერთი აგროჰაბი არ მუშაობს. ოპოზიცია კორუფციასა და საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელსაც ოპოზიცია მილიონობით ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს, არ შეგვხვდა. მინისტრთა საბჭოს შენობაში გვითხრეს, რომ ის ძალიან დაკავებულია და მედიისთვის არ სცალია. ჩვენთან საუბარზე უარი თქვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმაც, რომელსაც ადგილობრივები საბიუჯეტი სახსრების ფლანგვაში ასევე ადანაშაულებენ და კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებენ. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე კითხვებვს დაემალა. მისი ოთახის კარიც ისევე საგულდაგულოდ აღმოჩნდა ჩარაზული, როგორც ეს ბაზარი, რომელიც ხელვაჩაურის ცენტრსი ხუთი წლის წინ აშენდა. ამ ორი კარვის დადგმასა და გარშემო ღობის გაკეთებაში ადგილობრივმა მთავრობამ 60 ათასი დახარჯა. მას შემდეგ ერთი დღეც კი არ უმუშავია. რატომ, ამ კითხვაზე პასუხის მიღება მერის მოადგილეებისგან ვცადეთ. 

უფუნქციო ბაზართან დაკავშირებით დასმულმა კითხვებმა მერის მოადგილე გააღიზიანა. განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომ ბაზარში, როემლიც ხუთი წელია არ მუშაობს, რამდენიმე ადამიანია დასაქმებული და მერიის ბიუჯეტიდან ყოველ თვე ხელფასს იღებენ. 

საბოლოო ჯამში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლების განმავლობაში მსგავს პროექტებში 100 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული. ოპოზიციის მტკიცებით, მათი უმეტესობა არ მუშაობს და ხალხის ფულიც წყალშია გადაყრილი. ან ჯიბეში ჩადებული..

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი