"ამბობს, რომ ჯიბიდან ამოუვარდა დანა და მერე დაკავებულის წინააღმდეგ ვითარდება ვერსია" - მოზარდის დაჭრის საქმის დახურული სასამართლო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის ბრალდების საქმეზე სხდომა დახურული იყო. საუბარია მეტრომშენის დასახლებაში მომხდარ დაჭრაზე, რომელშიც 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა. 

აღკვეთის სახით მოზარდს დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.

ადვოკატი ამბობს, რომ დაპირისპირება მოზარდებს შორის ავტოფარეხების ტერიტორიაზე, ისეთ ადგილას მოხდა, სადაც ხილვადობა დაბალია. ამიტომ, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ჩნდება კითხვები, როგორ შეამჩნიეს ჩხუბში მონაწილეებმა, თუ ვინ დაარტყა დანა არასრულწლოვანს. 

პროკურორის თქმით კი, საქმეში არაერთი პირის, მათ შორის ნეიტრალური მოწმეების ჩვენებაა, რომელიც მიუთითებს, რომ სწორედ დაკავებული არასრულწლოვანია დამნაშავე. მისივე თქმით, იარაღი ამ დრომდე არ არის ამოღებული. 

"საუბარია 4-მდე მოწმეზე, რომლებიც არიან თვითმხილველი. საკმაოდ დამაჯერებელი ჩვენებებია, მათ შორის ნეიტრალური მოწმეების, რომელთაც არანაირი დაინტერესება და მიკერძოება არ გააჩნიათ. დანაშაულის ჩადენის შემდგომ, კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირმა, ეს დანა მოიშორა, ამ ეტაპზე ამოღებული არ არის",- ამბობს პროკურორი, ბაქარ შიოშვილი.

დაკავებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ საქმის ერთადერთი მტკიცებულება დანის მფლობელის ჩვენებაა, რომელიც ამბობს, რომ მას დანა დაუვარდა და ამის შემდეგ დაინახა, როგორ აიღო მისმა თანატოლმა [დაკავებულმა] და დაარტყა მსხვერპლს. ადვოკატის თქმით, ბრალდება მოგონილია და წინასწარი პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  

"დადგენილია გამოძიებით და მოწმეთა ჩვენებებით, ვისი დავალებით და მიერ მოხდა დანის მოტანა, ვის ჰქონდა დანა და სწორედ ეს ბავშვი ამბობს, რომ მას თითქოს, ჯიბიდან ამოუვარდა დანა და ამის მერე ვითარდება დაკავებული ბავშვის წინააღმდეგ ვერსია. მთელი რიგი საეჭვო გარემოებები არის გადაწყვეტილი დაკავებული ბავშვის საწინააღმდეგოდ",- ამბობს ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დაჭრილია ასევე 15 წლის ბიჭი, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის ინფორმაციით, ის ჯერ კიდევ რეანიმაციაშია, თუმცა მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან. 

დაჭრა, რომელიც დაპირისპირებას მოჰყვა, 31 მაისს მოხდა.

ავტორი: გუგა მაისურაძე

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი