გამოძიებით დადგენილია ვინ მიიტანა ჩხუბის ადგილზე დანა. ეს არ იყო ის ბრალდებული, ვინც ახლა დაკავებულია- ამბობს 15 წლის მოზარდის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ბრალდების საქმეზე საუბრისას. უფლებადამცველის თქმით, უკვე გადაეცათ საქმის მასალები, თუმცა იქ არ არის არც ერთი მტკიცებულება იმის, რომ სწორედ დაკავებულმა ჩაიდინა მძიმე დანაშაული.
74-ე სკოლასთან მომხდარი დაჭრის საქმეზე დაკავებულ მოზარდს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მისი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოზარდს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.
დაჭრილია ასევე 15 წლის ბიჭი, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის ინფორმაციით, ის ჯერ კიდევ რეანიმაციაშია, თუმცა მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან.
დაჭრა, რომელიც დაპირისპირებას მოჰყვა, 31 მაისს მოხდა.