ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, ლექსო ლაშქარავას შესახებ ჰკითხეს

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე იმყოფება, ლექსო ლაშქარავას საქმეზე მოუწია საუბარი. აუდიტორიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ღარიბაშვილს ჰკითხა:

"თქვენ იკითხეთ, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ეს [EU წევრობის კანდიდატის] სტატუსი? ჩემი კითხვა შეეხება წინა წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი [ლექსო ლაშქარავა] თბილისის ცენტრში „თბილისი პრაიდის“ დროს მოკლეს, მაშინ როდესაც მას თავს დაესხნენ ულტრამემარჯვენე პირები. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა აქტივისტების დასაცავად. ხელისუფლება იგივე შეცდომა დაუშვებს წელსაც თუ დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?" – ჰკითხა ფორუმის მონაწილემ ღარიბაშვილს. 

ღარიბაშვილმა პასუხი იმით დაიწყო, რომ 2014 წელს საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. მისივე თქმით, ამ საკითხთან [ლგბტქი ადამიანებს უფლებები] დაკავშირებული პრობლემები EU წევრ ქვეყნებშიც არსებობს.

„და გულწრფელად გითხრათ, ეს არ არის პრობლემა…. და რა თქმა უნდა ბევრ ქვეყანაში, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში – არის პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით…”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას საქმეს. ღარიბაშვილმა განაცხადა:

“მაგრამ ეს ინფორმაცია არასწორია – ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს დაპირისპირების დროს, არ მინდა შეგაწუხოთ ყველა დეტალით, მაგრამ ვიტყვი მოკლედ – პოლიციამ პასუხისგებაში მისცა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ისინი დააკავეს. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ დაიცვას ყველა მოქალაქე. მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სხვა. და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ კანონი რომელიც არსებობს საქართველოში იცავს ყველა მოქალაქეს,“ – თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არ დაუკავებიათ.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც "სირცხვილიას" ოფისთან მოძალადეებმა სასტიკად სცემეს, რამდენიმე დღეში, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შსს-მ გარდაცვალების მიზეზად ზედოზირება დაასახელა.

თარგმანი: "ნეტგაზეთი"
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი