
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა ALDE-მ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
რეზოლუციაზე 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ - "სტრატეგია აღმაშენებელმა"; "თავისუფალმა დემოკრატებმა"; "საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ"; "გირჩი მეტი თავისუფლებამ" და "ლელო საქართველოსთვის" იმუშავეს.
გადაწყვეტილება ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესის შეკრებაზე გამოცხადდა. ALDE-ს ყრილობა დუბლინში ორი დღეა მიმდინარეობს.
ალდეს მხარდაჭერილი რეზოლუციის პროექტში წერია, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უკვე ათწლეულებია იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ევროკავშირში გაწევრიანება მათი ისტორიული არჩევანია და ისინი მკაცრად გმობენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და რუსეთის მიერ მოლდოვაში დნესტრისპირეთის ოკუპაციას.
ცნობისთვის, ALDE აერთიანებს ევროკავშირის წამყვან პარტიებს, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის, ესტონეთის მმართველ პარტიებს, 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, 6 ევროკომისარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელს და 79 მოქმედ მინისტრს.