"ემპათიას" შუალედური დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე სავარაუდოდ ოთხშაბათს იქნება ცნობილი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება, ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმის თქმით, "ვივა მედის" გარემო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს.

"მთავარის" ინფორმაციით, ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები დღეს გეგმავენ შეკრებას და შუალედურ დასკვნაზე მუშაობას, რომელიც სავარაუდოდ ოთხშაბათს გახდება ცნობილი. 

ამ დასკვნის საფუძველზე კი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა შესაძლოა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასვლის უფლება მისცენ.  

"პაციენტის მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, ის ნელ-ნელა მძიმდება, სამწუხაროდ "ვივა მედის" გარემო არ იძლევა იმის საშუალებას, მათ შორის არ აძლევს "ვივა მედის" ძალიან მონდომებულ კოლექტივს იმის საშუალებას, რომ მდგომარეობა, თუნდაც ოდნავ დასტაბილურდეს. მკურნალი ექიმი და კოლექტივი, იძულებულია, რომ მას გადაუსხან მთელი რიგი საკვები ელემენტები, რაც იძლევა საშუალებას, რომ ეს პაციენტი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნეს. ასე გაგრძელება არ გამოვა დიდხანს, ეს რაღაცნაირად უნდა შეცვალოს, ადეკვატური ლოგიკური დასკვნითა და შესაბამისი მკურნალობით და ეს მოხდება უახლოეს დღეებში, თავისთავად ცხადია ჩვენი დასკვნის საფუძველზე. შესაძლებელია, მას დაუვარდეს წნევა ისე, რომ საერთოდ ვეღარ აწიოს თავი, ვერ შეძლოს საკუთარი თავის მომსახურება ჰიგიენური თვალსაზრისით, დაკარგოს გონება. გონებას ის კარგავს რაღაცნაირად, რაღაც გარკვეული პერიოდულობით იმიტომ, რომ წნევა უვარდება", -  ამბობს ექიმი, "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ლალი ჯავაშვილი

შეგახსენებთ, რომ  ცენტრ  "ემპათიას" წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან წინა კვირას იმყოფებოდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი