ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები, უწევთ იმის მტკიცება, რომ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, - ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
მან მოსამართლის გადაწყვეტილება შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატები საკითხის სააპლაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
მოსამართლეს ხმას უკანკალებდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას. ეს მიანიშნებს იმას, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები, უწევთ იმის მტკიცება, რომ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. რა თქმა უნდა, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ. არ მაქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საზოგადოებისა და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს,რომ ვხედავთ, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა.