
რუსებს სურთ, ზაპოროჟიეს რეგიონში უკრაინელი ოლიგარქების ქონების მითვისება, რადგან ისინი „ნაციონალისტებს აფინანსებენ“ - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედიის ტელეგრამის არხებში ვრცელდება. წყარო რუსული გამოცემა РИА Новости -ია.
რუსული გამოცემის, РИА Новости-ის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში ოლიგარქების ქონების "ნაციონალიზაციაზე" საუბრობენ.
"უკრაინელი ოლიგარქების, მათ შორის იგორ კოლომოისკის, რენატ ახმეტოვისა და ვიქტორ პინჩუკის საკუთრება ზაპოროჟიეს რეგიონში უნდა იყოს ნაციონალიზებული, რადგან არაგონივრულია ვალდებულებების შესრულება იმ საწარმოების მფლობელების წინაშე, რომლებიც აფინანსებენ უკრაინელ ნაციონალისტებს",- თქვა რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის საბჭოს წევრმა, ვოლოდიმირ როგოვმა.
როგოვი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინელმა ოლიგარქებმა მოიპარეს რეგიონში მრავალი სტრატეგიული საწარმო. მისი თქმით, დაუსაბუთებელია ვალდებულებების შესრულება საწარმოების მფლობელების წინაშე, რომლებიც "აფინანსებენ უკრაინელ ნაციონალისტებს და ეხმარებიან კიევის რეჟიმს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლაში“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენ ბალიცკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის საკუთრებაში არსებული ქონების "ნაციონალიზაციის" შესახებ 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. საუბარია უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში, მიწის ნაკვეთებზე, რესურსებსა და სტრატეგიულ საწარმოებზე.