
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ბრიუსელში ვიზიტებითა და შეკვეთილი სტატიებით ცდილობს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალოს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ საკითხზე მასთან საუბრისას გაკვირვება ევროპელმა კოლეგებმა გამოხატეს.
"სამწუხაროა, რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ჩვენ შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები, ამის თაობაზე მე ჩვენ მოქალაქეებს მივაწოდე ინფორმაცია და ანგარიში ჩავაბარე ერთგვარად, ცდილობდნენ და ცდილობენ ჯერ კიდევ მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში და გაოცებულები მიყვებოდნენ აქეთ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია და უპასუხისმგებლო კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სჯერა, რომ ევროკავშირში არიან ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები და ისინი ასევე მიიღებენ გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას.