
24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე, ომს უკვე 32 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი ემსხვერპლა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაღუპულებს შორის არიან როგორც უკრაინელი, ასევე, ევროპელი ჟურნალისტებიც.
რუსეთი უკრაინასთან სასაზღვრო ზოლს ისევ უტევს. აღმოსავლეთ ფრონტის პარალელურად მტერმა იერიშები ხარკოვის ოლქშიც მიიტანა, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულ დაბომბვებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი მძიმედ დაშავდა.
ოკუპანტებმა შეუტიეს ქალაქ იზიუმში განლაგებულ უკრაინელ სამხედროებს, თუმცა წარმატებს ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს. მძიმე ვითარებაა ლუგანსკის ოლქში. რუსული არმია ქალაქ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდებასა და საოკუპაციო ხაზის გავლებას აქტიურად ცდილობს.