"ვიცოდით აუდიტის სამსახურის განწყობები, ისიც ვიცით საიდან იმართება აუდიტის სამსახური..." - ასე ეხმაურება, დაჯარიმებული "კონსერვატიული მოძრაობის" წევრი, კონსტანტინე მორგოშია, აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას და ყველაფერში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ადანაშაულებს, რომელიც ომბუდსმენობამდე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იყო
მორგოშიას აზრით, აუდიტის სამსახური ისევ ლომჯარიას კადრებითაა დაკომპლექტებული.
"სამართლიანად არ მივიჩნევ იმიტომ, რომ ყველაფერი გვქონდა არგუმენტირებულად ჩამოყალიბებული, თუმცა ვიცოდით აუდიტის სამსახურის განწყობები, ისიც ვიცით საიდან იმართება აუდიტის სამსახური, ლომჯარიადან, ისევ მისი კადრები არიან და ის ხალხი არის ისევ მანდ, ვინც ადრე ჩვენს ჯარიმებზე საუბრობდა. ვაპირებთ გასაჩივრებას თუ დაგვაკისრებენ გადახდას და სხვა ბერკეტებს გამოიყენებენ, ცხადია დავემორჩილებით კანონს. აუდიტის სამსახურს ეს აქვს პრეტენზია, ჩვენ დეკემბერში ჩვენ უბრალოდ დავაანონსეთ ოფისების გახსნა, ხოლო ოფისები გავხსენით მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულებები, ეს არის და ეს, მათ იხელმძღვანელეს Facebook- ის გვერდებიდან", - ამბობს მორგოშია
შეგახსენეთ, "კონსერვატიული მოძრაობა" აუდიტის სამსახურმა 220 000 ლარით დააჯარიმა, დაჯარიმების მიზეზი დაუსაბუთებელი შემოსავლებია, რომლის წარმომავლობაც ვერ დგინდება. მოძრაობა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.