იქ სადაც არავინაა, შეიძლება სიკვდილი იმალებოდეს. ამ პროფესიას სნაიპერი ჰქვია.
გიორგი ჩუბითიძე, წინა კვირას გასული სიუჟეტის გმირებივით, რომლებიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ, ოპერაცია კოდორი 2007-ის მონაწილე იყო.
ის ახლა უკრაინაშია და იმავე მტერს ებრძვის. გრუ-ს ორი ოფიცრის განადგურებით დასრულებული ოპერაცია კოდორი 2007-ის შემდეგ ჩუბითიძის ცხოვრებაც აირია, ოღონდ სხვა მიზეზით. ვალის გამო წელიწადნახევრით ციხეში მოხვდა. გამოსული სამხედრო სამსახურში აღარ აღადგინეს და შავ სამუშაოზე თურქეთში წავიდა. 2012 წელს რამდენიმე დღით დაბრუნებული კი შემთხვევით ქვისლის მეზობელს, ალექსანდრე ივანაშვილს შეხვდა. კაცს, რომელიც მას შემდეგ ყველამ ადიკოს სახელით გაიცნო.
ჩუბითიძემ წინადადებაზე უარი თქვა. ამბობს, რომ 200 ათას ლარს სთავაზობდნენ, რაც მაშინ 125 ათას დოლარს უტოლდებოდა. გაცილებით მეტს, ვიდრე ჯარში სამსახურით ან სადმე სხვაგან უშოვნია.
ორ ადამიანს შორის რვა წლის შემდეგარი პირადი საუბრის დადასტურება დღეს ძალიან რთულია. ჩვენ მაინც ვცადეთ და ოლიგარქის ძმას ურეკში ჩავაკითხეთ. გადამღები ჯგუფი, სავარაუდოდ, სათვალთვალთვალო კამერით დაინახეს და სასაუბროდ არავინ გამოვიდა. ადიკო ივანაშვილის პოვნა, მისი მეზობლების რჩევით, შეკვეთილში, ახალშეძენილ მიწის ნაკვეთზეც ვცადეთ, თუმცა ისევ უშედეგოდ.
თუ "ქართული ოცნება" არჩევნებზე არეულობისთვის ემზადებოდა, ეს მის დამფუძნებლებს უნდა ახსოვდეთ. ამბავი შორს დაიჭირა იმანაც, ვინც ათწლეულებია, ივანიშვილის ძალიან ახლო მეგობარია და იმანაც, ვინც ეს მეგობრობა წარსულში დატოვა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ კი უბრალოდ ხელი აიქნია.
მაგრამ ჩვენ უფრო ზემოთ წავედით. მათ, ვისთანაც ჩუბითიძის მონაყოლის გადამოწმება ამის შემდეგ ვცადეთ, ჟურნალისტური სლენგით, სანდო წყაროები ჰქვიათ. უფრო გასაგებად, წინა და მოქმედი ხელისუფლებებების ძალიან, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები. ყველასგან ერთნაირი პასუხი მივიღეთ - სნაიპერების მომზადების გეგმაზე არაფერი გაგვიგია. თუმცა ისიც დაამატეს, რომ მსგავს საკითხებს ოლიგარქი ყოველთვის პირადად კურირებდა დაცვის ხელმძღვანელებთან - ანზორ ჩუბინიძესთან და ვახტანგ გომელაურთან ერთად. და სხვა არავის, მათ შორის ახლო წრის წევრებს, საიდუმლოში არ ახედებდა.
იმ დროს, როდესაც ივანიშვილს "იმედიც" ოლიგარქად მოიხსენიებდა, პირადი დაცვის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, თავის თანაშემწესთან ერთად მიტინგებზე გვერდზე ედგა, თითქოს მიკროფონს სხვა ვერავინ დაიჭერდა. მაგრამ 2012 წლის ივლისში ქუთაისის მიტინგისთვის დაცვის სტრატეგია შეიცვალა. ტრიბუნაზე დაიწყეს ტყვიაგაუმტარი შუშების დამონტაჟება. არსებულ პირად მცველებს კი, რომლებიც ოფიციალურად დაცვის პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, ამერიკული კერძო კომპანიის კონტრაქტორები დაემატნენ.
ადიკო ივანაშვილის შეთავაზებისა და, ზოგადად, სნაიპერების მომზადების გეგმის შესახებ არაფერი გაუგია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ეკა ბესელიას. მაგრამ არ გამორიცხავს, რომ დამატებითი ადამიანები დაცვის გასაძლიერებლად დასჭირდათ
ეკა ბესელიას ვარაუდი ლოგიკური ჩანს პროფესიონალებისთვის. სნაიპერის სწავლების მწვერვალი ანტისნაიპერული მომზადებაა. ანუ ბრძოლა სხვა სნაიპერებთან - მისი მოქმედების, დროისა და ადგილის გამოცნობა და პირველივე გასროლამდე განეიტრალება. თუ ივანიშვილი ბოლომდე არ ენდობოდა საკუთარ დაცვას, რომელიც დაცვის პოლიციაში ჰყავდა გაფორმებული.
სხვას ვარაუდობს გიორგი ჩუბითიძის ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი, რომლის შვილიც კოდორი 2007-ის ოპერაციისას სპეცრაზმს მეთაურობდა და 2014-ში გატაცებისა და პროკურატურაში სამკვირიანი დაკითხვის შემდეგ უეცრად გარდაიცვალა.
როგორ უნდა მოეხდინა გადატრიალება რამდენიმე თოფიან ადამიანს? როდესაც ვითარება ისეთი დაძაბულია, როგორც ახლა ან 2012-ში, პატარა ნაპერწკალიც საკმარისია ვითარების ასაფეთქებლად. ასეთ ნაპერწკლად გამოდგებოდა ნებისმიერ მიტინგზე ტყვიის გავარდნა, მით უფრო, დაგეგმილი ოპერაციისას და სწორად შერჩეული მსხვერპლით.
ივანიშვილი ტყვიაგაუმტარ შუშებს ზუგდიდშიც ამოეფარა. გურჯაანშიც, თელავშიც, ოზურგეთშიცა და სხვაგანაც. მიტინგებზე უამრავი ადამიანი იკრიბებოდა და, თეორიულად, პროვოკაციის რისკი ყველგან იყო.
გიორგი ჩუბითიძის მონაყოლის მიმართ უნდობლობა შეიძლება გაუჩნდეს იმას, ვინც იცის, რომ ივანიშვილის დაცვის მაშინდელ უფროსს, ჩუბინიძეს, ყოფილ სპეცრაზმელს, თავად აქვს გავლილი სნაიპერის მომზადება. მაგრამ, მეორეს მხრივ, მისთვის ან ოფიციალურ სტრუქტურაში მომუშავე ნებისმიერი სხვა ოფიცრისთვის უკანონო ჯგუფის მომზადების დავალება გაცილებით სარისკო იქნებოდა, ვიდრე ჯარის გარეთ დარჩენილი ნაციხარი სერჟანტისთვის. მით უფრო, თუ არსებობდა ექვსთვიანი წვრთნის თურქეთის მთიან და ნაკლებდასახლებულ რეგიონში ჩატარების შესაძლებლობა.
უკანონოდ გაწვრთნილი რაზმის წევრებს, რა თქმა უნდა, ლეგალურად არც სნაიპერული შაშხანის ტარებისა და გამოყენების უფლება ექნებოდათ. მაგრამ ასეთი წესები პირველ გასროლამდე მუშაობს - მერე კანონი ვიღას ახსოვდეს.
ამბავი, რომელსაც პროფესიონალი სნაიპერი ჩუბითიძე ყვება, ადიკო ივანაშვილისთის ნათქვამი უარით არ სრულდება. უფრო - იწყება. რამდნიმე თვეში ხელისუფლება შეიცვალა.
ჩუბითიძემ საქართველო მართლა დატოვა და სამუშაო ბელორუსსი იპოვნა. მაგრამ რეგისტრაციის გასაფორმებლად მისულს, პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან წასვლა, როგორც ამბობს, მეგობრულად ურჩიეს.
რაც ქართველი სნაიპერის მონაყოლში იოლად გადასამოწმებელია, მისი უკანასკნელი ბრძოლაა. 2014 წლიდან უკრაინაშია და დღესაც ომობს. მიღებული აქვს ხუთი მედალი და მალე, ქვეყნის მადლიერების ნიშნად, მოქალაქეობასაც ელის. თუმცა ამბობს, რომ საქართველოში მაინც ვერ ჩამოვა, რადგან ისევ ძებნაშია. უკვე რთულად გაიგებ, ვისგან, რადგან მისი სახელი და ფოტოები დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტების მონაცემთა ბაზაშიც კი არის შეტანილი, როგორც უკრაინელი ჯალათისა. რაც ნამდვილად მოწმობს, რომ რუსეთს მასზე არამხოლოდ ძებნა, არამედ ნადირობაც აქვს გამოცხადებული. ისევე, როგორც უკრაინისთვის მებრძოლ ასობით ქართველზე.