"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დაწყებული აქვს კამპანია "ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ". მან პარლამენტში საუბრისას თქვა, რომ ძმები ბერძენიშვილები ქართველი ხალხისა და ქვეყნის ზიზღით გამოირჩევიან.
მანვე მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას, ნიკა გვარამიას და სხვებს ახალი დროის ბოლშევიკები უწოდა.
"მე მინდა ვისაუბრო შეტევის იმ ახალ ტალღაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ, თქვენ ხედავთ, რომ გამოარჩიეს რამდენიმე ქართველი, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ რომ დაანგრიონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა. ეს არის მცდელობა, რომელიც არის სახეზე, ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას.
აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს, ესენი არიან პირველი რიგში, ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ, საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი არ ვიცით. ნუ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანეთო, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. ეს ვიტყვი, რომ არ არის უბრალოდ ერთი ზიზღით განმსჭვალული ადამიანის უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი, ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც ნაცმოძრაობამ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის აზრით, იმისთვის რომ იდენტობა შეარყიო უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას, ეს კი არიან დიდი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ებრძვის ერისა და ქვეყნის ფესვებს.
"ნაცმოძრაობა ყველამ ვიცით, რომ არის დოქსოპოლო, კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი, ეს ადამიანები, ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ უკვე არაერთი მუქარა გაჟღერდა საჯაროდ. ერეკე მეორეს "დასაცავად" თელავში აქციაც გამართეს. გარდა ამისა, გუშინ ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.