"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობას" ჰომოფობიურ, ძალადობრივ და პრორუსულ "ალტ-ინფოს" ადარებს. მისივე აზრით, 9 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" მინიმუმ კვირაში ერთხელ სჩადიოდა იმას, რაც გასული წლის 5 ივლისს მოხდა.
"ჩემთვის პირადად, ალტ-ინფო და მისი ეს განწყობები და ნაცმოძრაობის ქცევები და განწყობები არის ერთი მედლის ორი მხარე. ჩემი აზრით, ამით ყველაფერია ნათქვამი, ერთი მედლის ორი მხარე. ერთი და იგივე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა პიარული ეგიდით, ეს არის სულ, ერთ საქმეს ეხმაურებიან, საბოლოო ჯამში. ისინი ვითომ პროდასავლური ეგიდით აკეთებენ, ამის დეკლარირებით, მაგრამ რეალურად აკეთებენ რუსულ საქმეს, მეორე მხრივ ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს, ოღონდ პირდაპირ ამაზე დეკლარირებით.
რომელი უფრო საშიში ძალაა არ ვიცი, ნაცმოძრაობამ დაგვიმტკიცა რამდენად საშიში და ბოროტი ძალაა, ალტ ინტოს მთლად იმდენი ბოროტება... 5 ივლისი იყო ერთ-ერთი ბოროტება, ეს იყო ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს ალტ-ინფოსგან და დაისაჯა 100-ზე მეტი ადამიანი ზოგი ადმინისტრაციული და ზოგი სისხლის სამართლის წესით, და 9 წლის განმავლობაში ასეთ სჩადიოდნენ თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ მინიმუმ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები", - თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" 2021 წლის 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
რადიკალური ჯგუფები ასევე "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ, სცადეს მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის დარბევაც. მოძალადეების მთავარი სამიზნე მედია გახდა. სცემეს 50-ზე მეტ ჟურნალისტს. სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სასტიკად "TV პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს, დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახა.