
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ირაკლი ღარიბაშვილს უცხოელი ინვესტორებისთვის დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი პირდაპირ აცხადებს, რომ ინვესტორთა საბჭოს სხდომები, რომლებიც პრემიერის ხელმძღვაბელობით იმართება, დადგმულია და ბიზნესმენებს კონკრეტულ საკითხებზე საუბარს უკრძალავენ.
ფადი ასლის თქმით, ხელისუფლებისთვის მიუღებელ თემებს დღის წესრიგიდან იღებენ. ამ მიზეზით, ფადი ასლი, სავაჭრო პალატის დღევანდელ სხდომას, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.
„ინვესტორთა საბჭოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრა იქცა თეატრალურ წარმოდგენად, სადაც ყველა განსახილველი საკითხი სხდომამდე წინასწარ იდგმება, მსახიობებს ეუბნებიან რა უნდა თქვან ან არ უნდა თქვან, და ყველა პრობლემური საკითხი, რომელმაც შეიძლება მთავრობა გაანაწყენოს, ამოღებულია დღის წესრიგიდან, რათა არ მოხდეს საკითხის განხილვა; წლებია, რეზიდენტობის ნებართვის საკითხი სისტემატურად წამოიჭრება ინვესტორთა საბჭოზე ICC-Georgia-ს მიერ და ყოველთვის, როცა საკითხი დგება, შეხვედრის წინ მისი დღის წესრიგიდან ამოღება ხდება“, - განაცხადა ფადი ასლიმ, ICC- Georgia-ს თავმჯდომარემ.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "2013 წლიდან მოყოლებული უცხოური ინვესტიციები საქართველოში სრულ სტაგნაციაშია მთავრობის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო უცხოელი ინვესტორებისადმი".
...უკვე წლებია, საქართველოში უსაფრთხოების სამსახური სისტემატურად ეუბნება უარს ბინადრობის ნებართვაზე უამრავ უცხოელ ინვესტორს, თვითნებურად აუქმებს ბინადრობის ნებართვებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მას შემდეგ რაც ეს ინვესტორები ინვესტიციებს განახორციელებენ ქვეყანაში, რამაც აიძულა ბევრი მათგანი ქვეყანა დაეტოვებინა და უარი ეთქვა საკუთარ ინვესტიციებზე.
ამ პრაქტიკამ საქართველოს საშინელი რეპუტაცია შესძინა საერთაშორისო დონეზე და უცხოელი ინვესტორების უმეტესობა საქართველოს ახლა ინვესტიციებისთვის არასანდო და საშიშ ადგილად აღიქვამს. სანამ მთავრობა ამ პოლიტიკას არ შეცვლის, მანამ საქართველოში ცოტა უცხოური ინვესტიცია იქნება და უმუშევრობის და სიღარიბის დონე დარჩება მაღალი.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 46 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად გადის კონსულტაციებს გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G7, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN, - ნათქვამია განცხადებაში.