
ღარიბაშვილმა მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გამართა, სადაც გადაწყვიტეს, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მდინარე იორდანეზე კულტურის ცენტრის კონცეფციაზე იმუშავებს. სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად უხელმძღვანელებს ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კონცეფციაზე მუშაობა უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქართული კულტურის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად უხელმძღვანელებს. სამთავრობო კომისიის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.
მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის პირველ სხდომას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.
საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად მიიღო მონაწილეობა." აცხადებენ მთავრობაში.