"ნიკა გვარამიას გათავისუფლება, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა და ძალადობა მედიაზე"... | რა წერია EPP-ის რეზოლუციის პროექტში

გამოქვეყნდა:

ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი, რომელიც რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება, "მთავარმა არხმა" მოიპოვა. დოკუმენტში საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების საკითხს. EPP შეშფოთებას გამოხატავს მედიის გარემოს გაუარესების გამო.

ამის მაგალითად კი საუბრობს, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობაზე, ასევე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიამენეჯერების საქმეებზე, მათ შორის ნიკა გვარამიას საქმეზე. 

დოკუმენტში წერია, რომ ხელისუფლების კრიტიკოსების გაჩუმება, სასამართლო პროცედურების გზით, არ შეესაბამება საქართველოს გაცხადებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ვალდებულებას, ამასთან მოუწოდებს, ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ".

"ვინაიდან 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდის მარშის დროს, ულტრანაციონალისტი და პრორუსული ბრბო მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობით, მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დააზიანა და გაანადგურა მათი აღჭურვილობა, ვინაიდან მედიის 53 წევრი დაშავდა, ერთი კი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა კერძოდ, ლექსო ლაშქარავა ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ვინაიდან მთავრობამ დღემდე ვერ შეძლო მედიის წარმომადგენლებზე ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარწმუნო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თბილისის სასამართლომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და რუსთავი 2-ის ფინანსური ინტერესების შელახვის ბრალდებით, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას მედია გარემოს გაუარესების გამო, რომელიც იზღუდება ხელისუფლების მიერ.

მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს სახელმწიფოს სრული პოტენციალი, გამოიძიოს და დასაჯოს ის, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულში. მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული კომენტარებისგან.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენსა და დაპატიმრებას განიხილავს, როგორც თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ძალადობისა და შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენებას გამოჩენილი კრიტიკოსის გასაჩუმებლად. მიიჩნევს, რომ ხელისუფლების კრიტიკოსების გაჩუმება, სასამართლო პროცედურების გზით, რომელიც საქართველოში არ ითვლება დამოუკიდებლად, არ შეესაბამება საქართველოს გაცხადებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ვალდებულებას, ამასთან მოუწოდებს, ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

ხაზს უსვამს, რომ ნიკა გვარამიას, ისევე როგორც მედიის სხვა მენეჯერების დევნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი, ასევე ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ. ეს საქმეები კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობას", - წერია რეზოლუციაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი